ირანის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ალი ხამენეის უკანასკნელი პატივი მიაგეს
ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, ასევე ჩასულმა სტუმრებმა, პარასკევს, დაკრძალვის ერთკვირიანი ცერემონიების დასაწყისში, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, ხსოვნას უკანასკნელი პატივი მიაგეს თეირანში, იმამ ხომეინის დიდ მეჩეთში, სადაც მისი ცხედარია დასვენებული.
ის 86 წლის ასაკში, საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს, ირანზე აშშ-სა და ისრაელის პირველი თავდასხმების შედეგად.
პარასკევს, შუადღისას, სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა კადრები, სადაც ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი პარლამენტის სპიკერთან და მთავარ მომლაპარაკებელ მოჰამად ბაღერ ყალიბაფთან ერთად ხამენეის კუბოს პატივს მიაგებს.
თებერვალში ომის დაწყების შემდეგ პირველად გამოჩნდა აჰმად ვაჰიდი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომლის ქვეყანაც ირანსა და აშშ-ს შორის ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისთვის შუამავლობს, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და ავღანეთის თალიბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პატივი მიაგეს აიათოლას.
ცერემონიაზე ჩავიდნენ ჩინეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ასევე სომხეთის წარმომადგენლები.
ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე იყო საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მეთაურობით.
აითოლას გლოვის ცერემონიაზე მივიდა საქართველოს მუსლიმთა ჯგუფიც.
გლოვას საჯარო ცერემონიის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შეუერთდნენ აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი პალესტინის მებრძოლი დაჯგუფებების „ჰამასის“ და ლიბანის „ჰეზბოლას“ დელეგაციები.
დაკრძალვას დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, იტყობინება AFP-ი.
ხამენეის ცხედარი სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული, მისი მოკლული ნათესავების ცხედრებთან ერთად.
მათ შორის იქნება მისი შვილიშვილი, რომელიც ოფიციალური მედიის ცნობით, მხოლოდ 14 თვისა იყო და რომლის კუბოც ირანის სამფერიანი დროშითაა მორთული.
თეირანის საჰაერო სივრცე პარასკევიდან ნაწილობრივ, და ორშაბათს სრულად დაიხურება.
თეირანში გამართული ცერემონიის შემდეგ, ხამენეის ნეშტს ერაყის წმინდა ქალაქებში, ნაჯაფსა და ქარბალაში გადაასვენებენ და 9 ივლისს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში, მის მშობლიურ ქალაქში, იმამ რეზას სალოცავში დაასაფლავებენ.
უცნობია, დაესწრება თუ არა თეირანში მთავარ ცერემონიას ხამენეის ვაჟი და მისი მემკვიდრე, მოჯთაბა, რომელიც საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც უზენაესი ლიდერი გახდა, თუმცა რამდენჯერმე გავრცელდა მისი წერილობითი განცხადება.
ალი ხამენეი ირანს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი ბევრი ირანელისთვის ასოცირდებოდა რეპრესიებთან, დაშინებასთან, დაპატიმრებებსა და მკაცრ პოლიტიკურ თუ სოციალურ შეზღუდვებთან.
28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ხამენეის დაღუპვის შესახებ ცნობას ირანის მოსახლეობის ნაწილი სიხარულით შეხვდა. ამის გამო ხელისუფლებამ არაერთი ადამიანი დააკავა, ზოგიერთს მძიმე სასჯელი მიუსაჯა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯითაც დაემუქრა.