სომხეთის ოპოზიციონერი კარაპეტიანი: ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების გარანტი უნდა გახდეს
სომხეთის ოპოზიციური, პრო-რუსული ორიენტაციის „ძლიერი სომხეთის” პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნარეკ კარაპეტიანმა, სიუნიუქის პროვინციაში საარჩევნო კამპანიის ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების გარანტი უნდა გახდეს.
კარაპეტიანის თქმით, ირანის ჩართვის გარეშე, აშშ-ის მიერ ადმინისტრირებული სატრანზიტო დერეფანი — „ტრამპის მარშრუტი” (TRIPP) — რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების ეპიცენტრშია, ირანის სამხედრო დარტყმის სამიზნე შეიძლება გახდეს.
„წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც ამერიკული კომპანია აქ იმყოფება და ირანის ჯარები — იქ. ბოლო ერთ-ორ თვეში ვიხილეთ ირანის მიერ განხორციელებული დარტყმები აშშ-ის ბაზებზე ერაყში, დუბაიში, აბუ-დაბიში თუ კატარში. რა მოხდება, თუ მათი ურთიერთობები კვლავ გამძაფრდება? კონფლიქტი აუცილებლად დაიწყება,” — განაცხადა კარაპეტიანმა.
ნარეკ კარაპეტიანი მილიარდერ ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ძმისშვილია. სამველი ამჟამად სომხეთში შინაპატიმრობაშია. ირანის ოფიციალური პირები ადრეც გამოვიდნენ „ტრამპის მარშრუტის” წინააღმდეგ, ხოლო ზოგიერთი დამკვირვებელი თვლის, რომ თეირანი ახლა კიდევ უფრო მეტად დაუპირისპირდება ამ სატრანზიტო სქემას.
„ტრამპის მარშრუტი”, რომელიც აშშ-ის მედიაციით არის შემუშავებული, სამხედრო კომპონენტს არ ითვალისწინებს.