← მთავარი
მსოფლიო

ირანის გაფრთხილების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა

25 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ირანის გაფრთხილების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ინფორმაციით, 25 ივნისს ომანის სიახლოვეს გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს მიერ კოორდინირებულ მარშრუტზე მცურავი სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა.

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) გაავრცელა გაფრთხილება, რომ თეირანის თანხმობის გარეშე მცურავი ხომალდები “არალეგალურად” გადაადგილდებოდნენ.

სატვირთო გემი ჰორმუზის სრუტეში, გაეროს მიერ კოორდინირებულ მარშრუტზე, მოძრაობდა, როდესაც მას ჭურვი მოხვდა და დაზიანდა. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. UKMTO ბრიტანეთის საზღვაო ძალების დაქვემდებარებაშია.

მოგვიანებით სოციალურ მედიაში გავრცელდა ხომალდის ბორტიდან გადაღებული ვიდეო, რომელშიც, როგორც ჩანს, რადიოს მეშვეობით IRGC-ის საზღვაო ძალების მიერ გადაცემული გაფრთხილების ხმა ისმის.

Euronews წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას გემზე თავდასხმის უკან. თუმცა, მომხდარის შემდეგ გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) ჰორმუზში ჩარჩენილი გემების ევაკუაცია შეაჩერა. 

გაეროს სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურიდან ხომალდების ევაკუაციის გეგმა დროებით შეყოვნდება მანამ, სანამ სააგენტო უსაფრთხოების გარანტიებს არ დაადასტურებს საევაკუაციო სიასა და რეგიონში მყოფი გემებისთვის.

← მთავარი