აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი?
აშშ-ის არმიამ ირანზე ახალი, “მასირებული დარტყმები განახორციელა, რათა მისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა”. როგორც აცხადებენ, ეს ნაბიჯი საპასუხო რეაქციაა თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის რაიონში სამი ტანკერისთვის ცეცხლის გახსნაზე.
“ირანის მიერ გამოვლენილი აგრესია იყო დაუსაბუთებელი, სახიფათო და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აშკარა დარღვევას წარმოადგენდა”, — ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში სამშაბათს, 7 ივლისს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან არსებული საზღვაო სავაჭრო გადაზიდვების კოორდინაციის ცენტრის (UKMTO) მონაცემებით, ერთ ტანკერს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და მან მსუბუქი დაზიანება მიიღო. თითქმის იმავდროულად, ცენტრმა კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ განაცხადა: სერიოზულად დაზიანდა კატარის თხევადი გაზის გადამზიდი ტანკერი Аl-Rekajat, რომელსაც, ეკიპაჟის წევრების თქმით, “უცნობი ჭურვი” მოხვდა. ირანის მიერ დაზიანებული მესამე გემის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
დარტყმები საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კატარღებზე
ცოტა ხნის შემდეგ შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოპერაციის დეტალები გაასაჯაროვა. მათი განმარტებით, ამერიკელი სამხედროების სამიზნე გახდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მართვისა და კავშირგაბმულობის ქსელები, სანაპირო რადიოლოკაციური სადგურები, ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, აგრეთვე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 60-ზე მეტი კატარღა.
ახალი ამერიკული დარტყმების შესახებ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონის მთავრობამ კვლავ აამოქმედა ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციები, რომლებიც სულ რაღაც ორ კვირაზე მეტი ხნის წინ გააუქმა.
ირანი: აშშ არღვევს ჩარჩო შეთანხმებას
თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ თხევადი გაზის ტანკერს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც მან გაფრთხილებები უგულებელყო. ბოლო დღეებში თეირანი არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ უსაფრთხო მხოლოდ მის მიერ გაყვანილი მარშრუტია ჰორმუზის სრუტის გავლით.
ირანულ ნავთობზე შეერთებული შტატების სანქციების აღდგენა და ამას მოყოლილი დარტყმები შეთანხმების “სერიოზული დარღვევაა”, — დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ირანი “გადამწყვეტ ზომებს მიიღებს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად”, — დასძინა მან.
ნაოსნობის უსაფრთხოებას ანკარაში განიხილავენ
ამასთანავე, როგორც სააგენტო Reuters იტყობინებოდა, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს 7 ივლისს, NATO-ს წევრი ქვეყნებისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ მოლაპარაკებებზე, სურდათ წარედგინათ გეგმები სრუტეში მრავალეროვნული საზღვაო მისიის განთავსების შესახებ, რაც ნაოსნობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
ანკარაში, სადაც 7-8 ივლისს NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრები შეიკრიბებიან. ამავდროულად, ირანის უარი, ჩაერთოს ამ ინიციატივაში, ნაკლებად სავარაუდოს ხდის აკვატორიაში დაძაბულობის სწრაფ განმუხტვას, აღნიშნა სააგენტომ.
შეერთებული შტატების მხრიდან ახალი დარტყმის ფონზე, რეგიონში ახალი სამხედრო ესკალაციის საფრთხე იზრდება, თავად მოლაპარაკებები კი ჩიხში შევიდა. ახლახან ტრამპი ირანს კვლავ დაემუქრა და განაცხადა, რომ ან გაფორმდება შეთანხმება, ან აშშ “საქმეს ბოლომდე მიიყვანს”. საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ ვაშინგტონის მხრიდან მუქარა გრძელდება.