ირანის ელჩი საქართველოში — რუბიოს განცხადებაზე: „ამერიკამ საკუთარი შეხედულება სამყაროზე უნდა გამოასწოროს”
„მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს,” — დაწერა ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანმა, ფეისბუქზე 3 ივნისს.
ელჩი ამ კომენტარით მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება. წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვაზე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-მა ქართულ მხარეს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა და „იმედი” გამოთქვა, საქართველოს ქცევის ტრაექტორია შეიცვლება.
კონგრესმენმა უილსონმა კითხვის ფორმულირებისას საქართველოს ხელისუფლება „პროირანულ რეჟიმად” მოიხსენია, „რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით მოქმედებს”. სახელმწიფო მდივანმა ეს შეფასება „მართებულად” შეაფასა.
ოფიციალური თბილისი ჯერ კომენტარს თავს არიდებს.