← მთავარი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge · tabula.ge
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჰააგის დეკლარაცია შეფასებასაც არ იმსახურებს და ის აზიანებს ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ტრაგიკული მოვლენა და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება.

„ტექსტი [ეუთოს ჰააგის დეკლარაცია] შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ნუ, ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ, რა თქმა უნდა, ამ აქტიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, სადაც საქართველოს საკითხზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, 8 ივლისს მიიღო რეზოლუცია “საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ”, რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

← მთავარი