← მთავარი
საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ გიგა ფარულავას პროკურატურასთან უშუამდგომლებს, თუ ორსულობის მოწმობას წარმოადგენს

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ გიგა ფარულავას პროკურატურასთან უშუამდგომლებს, თუ ორსულობის მოწმობას წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შემთხვევით მოხვდა და ასეთი ხელჩართული დაპირისპირება „ყველგან ხდება“. მისივე თქმით, სენეგალის მსგავსად გიგა ფარულავა „ორსულობის შესახებ ცნობას თუ წარმოადგენს“, „პროკურატურასთან უშუამდგომლებს“.

„სულ სამი ფაქტი მოიძიეს [პარლამენტში ჩხუბზე] ერთი იყო ბრიტანეთში, სადაც საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს. მეორე ფაქტი — საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს. და მესამე ფაქტი იყო სენეგალში, მოიძიეს ფაქტი სენეგალში, სადაც ერთ-ერთმა ფეხმძიმე კოლეგას ფეხი ჩაარტყა. გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან.

ახლა რაც შეეხება, აი, ამ ჟივილ-ხივილს და ამ თემის აწევას, ყველაფერი ქნეს აბსოლუტურად… რეალურად შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილი. ერთი ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს.

თავიანთივე კვლევით და თავიანთივე გამოძიებით და პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდი, რომ რეალურად პრეცედენტი არ არსებობს, თორემ ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში, პარლამენტში. ასე რომ, კიდევ ერთხელ ველოდებით ცნობას,“ — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა გენერალურ პროკურატურას წერილობითი მოთხოვნით მიმართეს, რომ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

← მთავარი