← მთავარი
პოლიტიკა

"აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge

“აწარმოე საქართველოში” ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება. ის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თანამშრომლებს წარუდგინა. როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ახლადშექმნილი კორპორაციის მიზანი კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. “რამდენადაც ხელშესახებია ის შედეგები და სიკეთეები, რომლებიც “აწარმოე საქართველოში” ჩვენს ქვეყანას, მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკრეტულ სექტორებს მოუტანა, იმდენად ინტენსიურად ვმუშაობდით ბოლო თვეების განმავლობაში, რათა სწორად დაგვენახა შემდგომი გაფართოებისა და მასშტაბირების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ გვქონდეს მეტი ბერკეტი ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად “, — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მსხვილი მიმართულება: კორპორაცია სრულად კონცენტრირდება ფინანსური ინსტრუმენტების, პროგრამებისა (მათ შორის სინდიცირებული სესხებისა და კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების) და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე. ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარდგენის მიზნით, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო. ქვრივიშვილმა დაამატა, რომ თქმით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია არ იქნება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე კონცენტრირებული ორგანიზაცია. “ჩვენი დიდი სურვილია, გავზარდოთ მასშტაბები და გავაფართოოთ სერვისების კომპონენტი, რათა მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. ეს დაგვეხმარება, უფრო მოკლე დროში დავინახოთ შედეგები ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ენერგეტიკის სექტორი — ეს არის საპილოტე და უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სადაც კორპორაციის ჩართულობით, ობიექტურად, მართლაც ხელშესახებ შედეგებსა და ბევრად უფრო დიდ აქტივობას ველოდებით”, — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა კორპორაციის ხელმძღვანელის წარდგენისას. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის 2020 წლიდან იკავებდა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. ირაკლი გაბრიაძეს განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და გერმანიაში — არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი და კიელის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული. აღსანიშნავია, რომ პროფესიულთან ერთად, ის წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იგი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

← მთავარი