ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრმ ირაკლი ჩიქოვანმა 18 ივნისს ბრიუსელში რამშტაინის ფორმატის რიგით 35-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. მონაწილეებმა უკრაინაში არსებული ვითარება და მისთვის შესაძლო სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს.რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო, გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი დენ ჯარვისი მასპინძლობდნენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ.„ჩვენ კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა ყველა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში და დასძინა: „შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ საუბრობს რუსეთზე ზეწოლის გაზრდაზე, რათა დასრულდეს ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ წამოიწყო. ეს ასევე არის G7-ის ყველა ლიდერის საერთო პოზიცია. ჩვენ მადლიერები ვართ ამ ერთიანობისთვის“.მან აღნიშნა, რომ „დღეს უკრაინა და გერმანია ძალიან მნიშვნელოვან […] ნაბიჯს დგამენ“ და განმარტა, რომ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტექნოლოგიების შესახებ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს 90 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტისთვის და განაცხადა: „თუ გვსურს, რომ ევროპას ყველაზე ძლიერი არმია ჰყავდეს, ისეთი, რომელსაც შეუძლია ნამდვილად უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს, ეს მხოლოდ უკრაინასთან გრძელვადიანი თანამშრომლობითაა შესაძლებელი“.