იოსელიანი: 2025 წელს აქციებზე დაკავებული 573 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. იოსელიანის განცხადებით, ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 2025 წელსაც საპროტესტო აქციების მონიტორინგისა და გამოკვეთილ უფლება-დარღვევებზე რეაგირების საკითხებს.
მისი თქმით, ანგარიშის წარდგენის დროისათვის სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო.
2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან 35 (26,7 %) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, დაზიანებები კი აღენიშნებოდა 17 დაკავებულს.
“აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან. ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე”. - ნათქვამია ანგარიშში.