← მთავარი
საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შიო III-ის პატრიარქად არჩევას ულოცავს

12 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შიო III-ის პატრიარქად არჩევას ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის, არჩევას ულოცავს. „ნამდვილად ღირსეულთა შორის ღირსეული იქნა გამორჩეული,” — წერს ის სოციალურ ქსელში.

მილოცვასთან ერთად, ომბუდსმენმა პატივი მიაგო განსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მადლობა გადაუხადა მას ეკლესიისთვის ნაჩუქარი მემკვიდრეობისთვის.

„სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ სიმტკიცესა და ძალას ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ჯვრის ზიდვის გზაზე. თქვენი და სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი განსაკუთრებით დიდია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანების საქმეში.

მადლობას ვუხდი განსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს იმ ღირსეული მემკვიდრეობისთვის, რომელიც სრულიად საქართველოს დაგვიტოვა. მჯერა, უფალი მოგცემთ ძალას, რათა ღირსეულად იტვირთოთ სულიერი მამის მძიმე ჯვარი ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ,” — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. კენჭისყრაზე, 39 ხმიდან, მან 22 ხმა მიიღო; მიტროპოლიტ იობ აქიაშვილმა — 9, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა — 7, ერთი ბიულეტენი კი გაუქმდა. ამიერიდან ახალი მეთაური იწოდება: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

← მთავარი