← მთავარი
საზოგადოება

ცნობილი ინფლუენსერი დუბაის ცათამბჯენის 27-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - უბედური შემთხვევა თუ ფემიციდი? რას ამბობს გამოძიება იდუმალებით მოცულ ამბავზე

10 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ცნობილი ინფლუენსერი დუბაის ცათამბჯენის 27-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - უბედური შემთხვევა თუ ფემიციდი? რას ამბობს გამოძიება იდუმალებით მოცულ ამბავზე

დუბაიში მორიგი საიდუმლოებით მოცული ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც საერთაშორისო მედიისა და სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო. 27 წლის ბრაზილიელი მოდელი და პოპულარული ინფლუენსერი, კაუანა ბილჰარი, მდიდრული ცათამბჯენის 27-ე სართულიდან გადმოვარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ხმაურიან საქმეზე დუბაის პოლიციამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო.

კაუანა ბილჰარმა სახელი თავისი სამოდელო კარიერითა და სამოგზაურო კონტენტით გაითქვა. მას სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ადევნებდა თვალს.

გამოძიება ოთხი ვერსიით და გაურკვეველი თარიღი

ამ დეტალზე სამართალდამცველები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ - ტრაგედიის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის. გოგონას გარდაცვალების ფაქტი მისმა დედამ, დარლა ბილჰარმა 7 ივლისს დაადასტურა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, საქმე საკმაოდ ბუნდოვანია და ამ ეტაპზე ისინი ოთხ სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობენ.

გამოძიება არ გამორიცხავს: უბედურ შემთხვევას, თვითმკვლელობას, მკვლელობას ან ფემიციდს (ქალის მკვლელობას გენდერული ნიშნით). დარლა ბილჰარი უკვე ჩაფრინდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რათა პირადად ადევნოს თვალი გამოძიების მიმდინარეობას და მოაგვაროს შვილის ცხედრის სამშობლოში, ბრაზილიაში გადასვენების ბიუროკრატიული პროცედურები.

ნიშნობა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე და “ტოქსიკური“ სოციალური ქსელი

კაუანას გარდაცვალებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, რადგან მისი ბოლო პოსტები სულაც არ მიანიშნებდა დეპრესიაზე ან რაიმე სახის პრობლემაზე. სოციალურ ქსელში გოგონას ბოლო აქტივობა 25 ივნისით თარიღდება. ამ დღეს მან გამომწერებს აცნობა, რომ თავის პარტნიორზე, ბარბარა აბრანტესზე დაინიშნა და წყვილი მომავალ ქორწინებას დიდი სიხარულით აღნიშნავდა.

მას შემდეგ რაც ქალის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, მოდელის ინსტაგრამ-გვერდი ბოროტი და შეურაცხმყოფელი კომენტარებით აივსო. ინტერნეტ-მომხმარებელთა ნაწილმა სხვადასხვა შეთქმულების თეორიებისა და ჭორების გავრცელება დაიწყო, რამაც მოდელის ოჯახს დამატებითი მძიმე დარტყმა მიაყენა.

შვილის დაკარგვით განადგურებულმა დედამ საზოგადოებასა და მედიას ემოციური განცხადებით მიმართა:

“არ არსებობს სიტყვები, რომლებსაც შეუძლიათ იმ მონატრების გამოხატვა, რაც შენ დატოვე. დღეს შენ აღარ ხარ ჩემს გვერდით, როგორც ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემში სამუდამოდ იცოცხლებ. უსასრულოდ მიყვარხარ, ჩემო გოგო… იქამდე, სანამ კვლავ შევხვდებით.

ჩემი შვილი პატივისცემას იმსახურებს. მას აღარ შეუძლია პასუხი გასცეს იმ ბრალდებებს, ბოროტ კომენტარებსა და გამოგონილ ისტორიებს, რომლებიც ახლა მის გარშემო იქმნება. გთხოვთ, ჩემი შვილი იმსახურებს პატივისცემას.“

საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დუბაიში უცხოელი მოდელების სიცოცხლე საეჭვო ვითარებაში სრულდება.

გასული წლის მარტში, ანალოგიური ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, როდესაც 20 წლის უკრაინელი მოდელი, მარია კოვალჩუკი, სასტუმროში გამართული წვეულების შემდეგ გაუჩინარდა. რვადღიანი ძებნის შემდეგ, გოგონა დუბაის ერთ-ერთი გზის პირას, მძიმე დაზიანებებით, გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მარია მარტო შევიდა დაცულ სამშენებლო ობიექტზე და სიმაღლიდან გადმოვარდა. თუმცა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაუჩინარებამდე ის ორ მამაკაცთან ერთად ნახეს, რომლებიც თავს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებად ასაღებდნენ.

ამჟამად, კაუანა ბილჰარის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საზოგადოება დუბაის პოლიციისგან ოფიციალურ პასუხებს ელოდება - იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ ახალგაზრდა ქალი მოკლეს.

← მთავარი