← მთავარი
საზოგადოება

ინდოეთში, კაცმა 11 წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა - მოსახლეობამ მისი ლინჩის წესით გასამართლება სცადა, ქვეყანაში მასობრივი არეულობა დაიწყო: რა ხდება დასავლეთ ბენგალში?

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ინდოეთში, კაცმა 11 წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა - მოსახლეობამ მისი ლინჩის წესით გასამართლება სცადა, ქვეყანაში მასობრივი არეულობა დაიწყო: რა ხდება დასავლეთ ბენგალში?

ინდოეთის შტატი დასავლეთ ბენგალი ბოლო რამდენიმე დღეა მასობრივმა პროტესტმა და არეულობამ მოიცვა. მიზეზი 11 წლის გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა გახდა. მოსახლეობამ ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლება სცადა, ისინი პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ტრაგედია კოლკატას გარეუბანში, სოფელ სურჯიაპურში მოხდა. 11 წლის გოგონა შაბათს სახლიდან მეგობრისთვის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიციამ მათი თხოვნა ძებნის დაწყების შესახებ სერიოზულად არ მიიღო და დახმარებაზე უარი უთხრა.

სასოწარკვეთილმა ახლობლებმა თავად ნახეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ბავშვი ადგილობრივ მამაკაცთან, პრაბჰაშ მონდალთან ერთად ჩანდა. კვირა დილით გოგონას ცხედარი ტომარაში მოთავსებული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი დახრჩობაა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ბავშვი ტბაში ცოცხლად გადააგდეს.

ქაოსი ქუჩებში და „ლინჩის წესი“

ცხედრის პოვნამ ხალხის რისხვა გამოიწვია. განრისხებულმა ბრბომ გზები, მაღაზიები და რკინიგზის სადგური დაარბია. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ქუჩაში ლინჩის წესით გასამართლების ფაქტიც დაფიქსირდა - მასამ ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა, რომელიც მოგვიანებით უდანაშაულო აღმოჩნდა.

ამჟამად რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აკრძალულია საჯარო შეკრებები და წესრიგს სამხედრო დანაყოფები იცავენ.

მთავარი ეჭვმიტანილი, პრაბჰაშ მონდალი, პოლიციამ მოკლა. პოლიციის ვერსიით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებისას მან იარაღის წართმევა და სროლა სცადა, რის შემდეგაც საპასუხო ცეცხლით იქნა ლიკვიდირებული. უფლებადამცველები ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და მას უკანონო მკვლელობას უწოდებენ.

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მოკლული ეჭვმიტანილის დედის რეაქცია. მან შვილის ცხედრის მიღებაზე უარი განაცხადა.

„ჩემი შვილი თავისი საქციელისთვის დაისაჯა. მის ცხედარს არ მივიღებ და სახლში არ მივასვენებ“, - განაცხადა მან.

პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირება სასტიკი დანაშაული დიდ პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდა. ოპოზიცია მმართველ „ბჰარატია ჯანატა პარტიას“ (BJP) ქალების დაცვის უუნარობაში ადანაშაულებს. ვითარებას ამძიმებს რელიგიური ფონიც: მსხვერპლი მუსლიმია, ხოლო დაკავებული მამაკაცები — ინდუისტები.

← მთავარი