ოთხმა ქართულმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია: როგორმე უნდა შევძლოთ და ევროასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი დავიბრუნოთ.
ის კი არა, გვაქვს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, გატყდება ნავსი და ოცწლიანზე მეტი პაუზის შემდეგ, რომელიმე ჩვენი ერთი კლუბი მაინც შეძლებს თუნდაც კონფერენსლიგის ჯგუფურ ბადეში მოხვედრას.
ბუნებრივია, ქართული გუნდების მიერ ჩატარებული პირველი მატჩები ნოყიერ მასალას იძლევა განსჯისთვის. ჩვენს დღევანდელ წერილში იმ კომპონენტებსაც შევეხებით, რომელთა გამოსწორებაც სასურველად მიგვაჩნია საპასუხო შეხვედრების წინ.
იქამდე კი მარტივ სტატისტიკას მივმართოთ - ევროთასებზე ჩართული 4 ქართული კლუბიდან 3-მა მოიგო პირველი ეტაპის პირველი მატჩი. გვახარებს გამარჯვებები, თუმცა სათქმელია ისიც, რომ ამ შემთხვევაში წილისყრა მისაღებზე უკეთესი იყო ჩვენთვის.
ამდენად, ბუკ-ნაღარას ნამდვილად ვერ დავცემთ. მით უმეტეს, ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპის პირველი მატჩები გავმართეთ. აი, გვირაბის ბოლოს იმედის მკრთალი სხივი კი ნამდვილად გამოჩნდა.
შედეგი მისაღებზე უკეთესია
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “იბერია 1999” ტალინში ჩავიდა და გოლუხვ მატჩში ესტონეთის ჩემპიონ “ფლორას” 3:2 მოუგო. სადაც სამართალია, თამაში ისე წავიდა, ესტონელი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ 2-მატჩიანი დუელის ბედი საჩვენოდ იქვე უნდა გადაგვეწყვიტა, მაგრამ ვერც მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დავიწუნებთ.
კარგად მესმის, ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალისტია, მაგრამ ვერ დავეთანხმები სოციალურ ქსელში იმ კომენტარების ავტორებს, რომლებიც “იბერიას” მძაფრად აკრიტიკებენ. არაერთხელ დაგვიწერია, ამ ეტაპზე გუნდი საქართველოს ჩემპიონატშიც კი ვერ არის გამოკვეთილი დომინანტი და რას ველოდით? ჩავიდოდა ესტონეთში და მეტოქისაგან ქვას ქვაზე არ დატოვებდა?!
აგერ, შარშანდელ ევროსეზონში არ იყო, “ლევადიამ” რომ ჩამოგვაშორა ასპარეზობას?! ამიტომ, შევიგნოთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - სადღეისოდ, ვერცერთი ჩვენი კლუბი მეტოქეზე (რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს) ორი და სამი თავით ძლიერი ვერ არის.
ამდენად, შედეგი მისაღებზე უკეთესია. ეგაა, ანდრეი დემჩენკოს, ალბათ, შეეძლო, მეტობაში დარჩენილი გუნდი უფრო შემტევად გარდაექმნა, კიდევ ერთი თავდამსხმელი - ამირან ძაგანია დაემატებინა და მთლიანად წაერთმია მეტოქისთვის ინიციატივა, მაგრამ… მთავარია, ბოლოს მაინც მოგებულები დავრჩით.
მოვიგეთ და თბილისური თამაშის წინ ფავორიტის მანტიაც მოვისხით, მაგრამ წამით არ შეიძლება მოდუნება: “ფლორა” საქართველოს დედაქალაქში უშანსოდ ნამდვილად არ იქნება. მათ ჯერაც აქვთ იმედი და ამბიცია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მათ დარჩებათ! ეს კარგად უნდა გვესმოდეს!
ორი აზრი არ არის, “იბერია” “ფლორაზე” ტექნიკურად უკეთესი გუნდია, მაგრამ ესტონელებსაც აქვთ თავიანთი კოზირები, რომელთა შორისაც, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკური მომზადება უნდა გამოვარჩიოთ. ბევრი ელოდა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი “ფლორა” საბოლოოდ ჩამოიშლებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით - კონსტანტინ ვასილიევის გაწვრთნილმა გუნდმა სწორედ მაშინ მოუმატა.
“იბერია” კი ძალიან თავისებური გუნდია - “ფლორას” დონის მეტოქესთან აქვს აშკარა უპირატესობა წინა ხაზში, მაგრამ დაცვაში ასევე აშკარად აკლია ბალანსი, ნაკლებია საიმედოობის შეგრძნება…
ფაქტი ერთია: თუ “იბერია” გაივლის “ფლორას”, გადავა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ იქ “სლოვანთან” დამარცხდა, უკვე ევროპალიგას მიაკითხავს და თუ იქაც წააგო, კონფერენსლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს…
ეს ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარია, რომელიც მაინც ტოვებს რაღაც შანსს…
რესურსმა თუ გაუშვა…
თბილისის “დინამომ” გასვლაზე აჯობა ლუქსემბურგულ “მონდორფს”. ეს ისეთი გუნდია, “დინამო” აუცილებლად რომ უნდა უგებდეს, მაგრამ ყოფილან სხვა კლუბები, დაახლოებით “მონდორფის” დონის, რომელთა ბარიერი თბილისურ კლუბს ვერ გადაულახავს. ის კი არა, ალბათ, “დინამოშიც” კი დაავიწყდათ, როდის გაიარა გუნდმა ბოლო ეტაპი ევროთასებზე…
ეჭვგარეშეა, “მონდორფთან” თბილისშიც უნდა გავიმარჯვოთ. კარგი ისაა, რომ, ბოლოს და ბოლოს, თბილისურ კლუბში გამოჩნდა კაცი, ვის ხელშიც კონსოლიდირებულია მთელი სადავეები და ეს კაცი თემურ ქეცბაიაა. მისი ავტორიტეტი, საქმისადმი მიდგომა და პატიოსნება ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს საკლუბო ფეხბურთს.
“მონდორფი” იმ გაქანების მეტოქე იყო, ბევრს რომ ვერაფერს გაიგებდა კაცი “დინამოს” დღევანდელი შნოსა და პოტენციალის შესახებ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ გუნდი მინდორზე მუშაობს, დარბის, თამაში უნდა და სწყურია. პრინციპში, ქეცბაიას გუნდი სხვანაირი ვერც წარმოგვიდგენია.
მას კრიტიკა არ აკლდა მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ ის სხვა შემთხვევა და სხვა მოცემულობა იყო. მაშინაც კი წამით არ შეგვპარვია ეჭვი მის პატიოსნებაში, ქართული ფეხბურთის დიდზე დიდ სიყვარულში…
მწვრთნელის სიტყვა დღეს კანონია “დინამოში” და არ გვიკვირს, ქეცბაია რამდენიმე ლეგიონერს რომ შეელია. მან თავის თარგზე უნდა მოჭრას გუნდი. ეგაა, “დინამოს” შემადგენლობას რომ ჩახედავ, წამსვე შეგიპყრობს ფიქრი, რომ გუნდს გაძლიერება ჰაერივით სჭირდება. იმედია, ეს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მოხდება. წილისყრა ისეთია, რომ იმ ეტაპის დაძლევაც შეიძლება და დანარჩენი კი თანდათან გამოჩნდება.
კარგი ისაა, რომ ახალწვეულები არ ჩანან ცუდი ბიჭები. არ ჰგვანან იმ გასტროლიორ ლეგიონერებს, ჩვენთან ხშირად რომ შემოივლიან ხოლმე და ისე უჩინარდებიან, პატარა კვალსაც არ ტოვებენ…
ალგასიმ ბამ სულაც ანგარიში გახსნა “მონდორფთან” შეხვედრაში. რესურსი - ეს არის პრობლემა, რომელსაც “დინამომ” უმოკლეს ხანში უნდა მიხედოს. წესით, გარკვეული თანხა უნდა გამოთავისუფლებულიყო კლუბიდან რამდენიმე წასული ლეგიონერის შემდეგ…
სან მარინოშიც უნდა მოვიგოთ!
დღევანდელ ფეხბურთში მეტოქის შეუფასებლობა როგორ შეიძლება და ამას არც ვაპირებთ. და მაინც, დიდი ფავორიტი “დილა” პირველი, შინ მოგებული მატჩის შემდეგ კიდევ უფრო დიდ ფავორიტად იქცა სან მარინოს “ვირტუსთან” ორრაუნდიანი მატჩის წინ.
“დილამ” კარგი და თვალსასეირო ფეხბურთი ითამაშა - მოკლე პასები, შეტევათა მიმართულების ხშირი ცვლა… კლასში სხვაობა თვალსაჩინო იყო. ცხადია, “ვირტუსი” ბევრი ვერაფრის საზომი იქნება, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა ჩვენს საკლუბო ფეხბურთში, მცირედ წარმატებებიც გიხარია კაცს.
სათქმელია ისიც, რომ “დილას” ჯერაც არ გამოუყენებია ის ლეგიონერები, რომლებიც თითქმის ყველა რგოლში დაიმატა ამ ცოტა ხნის წინ და ესეც გარკვეული კოზირია გორული კლუბის ბერძენი დამრიგებლის, დიამანტის ვავალისის ხელში.
ქუთაისი ამას ვერ მოითმენს…
სხვანაირი ქალაქია ქუთაისი, მათ შორის, საფეხბურთო ამბავშიც - ის გაპატიებს წაგებას, გაპატიებს გაშვებულ გოლს და ჩავარდნილ თამაშს, მაგრამ ვერ მოითმენს ისეთ თამაშს, როცა ფეხბურთელებისთვის ყველაფერი “სულერთია”, ვერ მოითმენს გულგრილობას მინდორზე და ვერც რეალობის შენთვის სასურველი სცენარით შეცვლის მცდელობით მოატყუებ იქ ვინმეს.
თუ საქართველოში რომელიმე ქალაქს საფეხბურთო ჰქვია, ერთ-ერთი პირველი ქუთაისია - იქ ფეხბურთი ლეგენდარულ ბაღის კიდეზე იწყება და მის ულამაზეს უბნებში გრძელდება. ჰოდა, არ ეკადრება ამ ხალხს ის თამაში, რომელიც “ტორპედომ” აჩვენა “ზირასთან” საგარეო მატჩში.
აქ შედეგზე არ არის მთავარი აქცენტი - შეიძლება, წააგო, მაგრამ ბრძოლის ოდნავი ჟინი მაინც გეტყობოდეს. წაგებაცაა და წაგებაც - მე არ ვიცი, რა სიურპრიზზე საუბრობდა შეხვედრის დასრულების შემდეგ დირკ შუსტერი, მაგრამ მეტი რომ არ ვთქვათ, დამთრგუნველი იყო ყველაფერი ის, რაც სუმგაითში ვნახეთ.
თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ფეხბურთელები ასცდებიან - მთავარი მწვრთნელი სულ რომ არ გყავდეს, ასე მაინც არ უნდა ითამაშო ფეხბურთი, ბოლოს და ბოლოს, თუ ტაქტიკურად ვერ იქნები გამართული, ბრძოლით ხომ მაინც უნდა იბრძოლო?!
შუსტერზე ცალკე: სხვისი არ ვიცი და მე ნამდვილად არ მესმის, როგორ გახდა ეს კაცი ერთ დროს ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი. “ტორპედოს” ანალიზს რომ თავი დავანებოთ, ხომ ცხადად ჩანს, რომ მისი ხელმძღვანელობით ქუთათურთა ყველა ფეხბურთელმა რეგრესი განიცადა.
სად არის გიორგი კოხრეიძე? რატომ დავიწვით სორი მანეს საცოდაობით აზერბაიჯანში? ლუკა კუპრავას, ამ მართლა ნიჭიერ, ოღონდ, ძალიან გამოუცდელ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში რომ არ უთამაშია ძირითადში, ევროთასებზე სასტარტოში რომ აყენებ, ეს კარგია? კი ბატონო, რესურსი რომ არ გქონდეს, სხვა საქმეა, მაგრამ წლებია, ეს პროექტი სრულყოფის გზას გადის და…
განა შეიძლება, ერთნაირი სათამაშო სტილით, “მეორე ნომრად” თამაშობდე შინ და გარეთ, ნებისმიერ მეტოქესთან? ღმერთმა ქნას, “ტორპედომ” სასწაული მოახდინოს ქუთაისში და დაძლიოს “ზირას” ბარიერი, მაგრამ პირადად ჩემთვის ჰერ შუსტერის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება.
ცალკე თემაა “ტორპედოს” სელექცია: სულო ცოდვილო, არ მტოვებს შეგრძნება, რომ იმ ფულით, რაც ამ ფორმაციის გუნდის მშენებლობაში დაიხარჯა, გაცილებით (ვიმეორებ - გაცილებით) უკეთესი გუნდის აშენება-ჩამოყალიბება შეიძლებოდა.
სულაც არ მიმაჩნია, რომ თანამედროვე “ტორპედოს” ერთადერთი პრობლემა შუსტერია, მაგრამ საიდანაც გინდა მიუდექი, მწვრთნელი ვერაფრით აირიდებს მის წილ პასუხისმგებლობას - პირადად ჩემთვის, აზერბაიჯანული ბარიერი რომც გაიაროს, შუსტერთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები მაინც დარჩება.
არის ვერსიები: რომ “ტორპედო” მაინც შეელევა გერმანელს და მაშველ რგოლად ერთ ცნობილ ქართველ მწვრთნელს უხმობს, რომ ეს განშორება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ ქუთათურებს 5 მილიონი ექნებათ გადასახდელი და ასე შემდეგ.
ვერსიები ვერსიებად, მაგრამ მართლა საცოდაობაა: ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ კონკრეტულ სეგმენტში ფული იხარჯება, შედეგი კი არ ჩანს…