სანქცირებული „იმედი” I კვარტალში სახელმწიფო და კომერციული რეკლამებიდან 12 მილიონ ლარს შოულობდა
დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა” 2026 წლის I კვარტალში სარეკლამო შემოსავლებიდან 10,8 მილიონი ლარი მიიღო — 77%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, „იმედი” ქვეყნის სატელევიზიო ბაზარზე სარეკლამო შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილზეა.

კომერციული სარეკლამო პარტნიორების შორის გამოირჩევა „მეამა”, „ავენიუ ბაი ორბი” და „ანაგი” — სამი კომპანია, რომლებმაც ცალ-ცალკე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს „იმედზე” რეკლამისთვის. „მეამას” 85%-იანი წილი ბიზნესმენ სულიკო ვარსემაშვილს ეკუთვნის. „ანაგის” მფლობელი ნანა აროშიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა „ქართული ოცნებისთვის” 2023–2025 წლებში 180 000 ლარი შეწირა.
BMG-ის კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ „იმედზე” განთავსებული რეკლამების ჯამური მოცულობა 2026 წლის I კვარტალში 1,7 მილიონ ლარს მიაღწია — 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 250 000 ლარს არ აჭარბებდა. სახელმწიფო დამკვეთთა რაოდენობა ასევე გაიზარდა: 3-დან 7-მდე.
„იმედზე” რეკლამა განათავსეს: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (თითოეულმა 100 000–500 000 ლარის ფარგლებში), ასევე — თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სახლმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (7 000–50 000 ლარი).
შეახსენებთ: 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა „იმედი” და „პოსტვ” რუსეთის სანქციების სარეგულაციო ჩარჩოს ფარგლებში დაასანქცირა. პასუხად პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ კომპანიებს მოუწოდა, გააგრძელონ ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა.