„დაიცავი ილიაუნის” 100-საათიანი მარათონი დასრულდა — 1 670 938 ლარი შეგროვდა
„დაიცავი ილიაუნის” 100-საათიანი მარათონი დასრულდა — სტუდენტებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის 1 670 938 ლარის შეგროვება შეძლეს. თანხა დაავადებული ბავშვების მშობლებს გადაეცა. „დაიცავი ილიაუნი” განმარტავს, რომ თანხის შეგროვება შეჩერებული არ არის.
„ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 670 938,48 ლარი. ეს მაჩვენებელი, მარათონის დაწყებამდე, ჩვენი გუნდისთვის წარმოუდგენელი იყო. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგს შეუწყო ხელი — მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს. ხალხი გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო: ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას,” — წერს „დაიცავი ილიაუნი” სოციალურ ქსელში.
ორგანიზაციის ცნობით, შეგროვებული თანხა სრულად გადაეცა ბავშვების ოჯახებს. „შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.”
კამპანიაში მონაწილეობდნენ გამომცემლობები „არტანუჯი”, „ინტელექტი”, „პალიტრა ელ”, „სულაკაურის გამომცემლობა”, „საქართველოს უნივერსიტეტი” და მრავალი ბიზნესკომპანია. მათ შორის „წიწილა”, Auto Home, „ჩიკიტაი”, „ფოტო ცენტრი”, Khma, Arte, Trend House, „ქიდომატიკი” და Zura’s Bike Shop — ყოველი ტრანზაქციის ნაწილი ფონდში გადადიოდა.
მარათონი 20 მაისს დაიწყო. „დაიცავი ილიაუნის” გუნდი განაცხადებს, რომ „საქართველოს ნათელი მომავლისთვის ბრძოლა” გრძელდება.