"ბრძოლა ილიას ძმამ შეაჩერა..."მატადორი" ყოფილ ცოლთან დაპირისპირებამ გატეხა?" - რას წერს ესპანური მედია თოფურიას გეიჯისთან მარცხზე?
“არსებობს დარტყმები, რომლებიც კარიერას განსაზღვრავენ და კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდებიან. ილია თოფურია ვერასოდეს დაივიწყებს იმ დარტყმას, რომელიც ჯასტინ გეიჯიმ მესამე რაუნდში მიაყენა. ეს იყო მძიმე, უმძიმესი დარტყმა, რომელმაც ესპანელს (წარმოშობით ქართველს) მარჯვენა თვალი დაუხუჭა და საბოლოოდ მისი კარიერის პირველი მარცხი გამოიწვია. ილიას დასახიჩრებული სახე თეთრ სახლში გამართული ღონისძიების მთავარი ეპიცენტრი აღმოჩნდა. დაიმახსოვრეთ ეს თარიღი: 2026 წლის 15 ივნისი - დღე, როდესაც თოფურია მოკვდავი გახდა, მისი რეკორდი კი ახლა 17-1 შეადგენს. გეიჯი ამ მთავარი ბრძოლიდან მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონის სტატუსით გამოვიდა”, - წერს ესპანეთის წამყვანი მედია El Confidencial.
მოგეხსენებათ, ხანგრძლივი მზადებისა და 60 მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტის დახარჯვის შემდეგ, თეთრი სახლის ბაღი გლადიატორთა კოლიზეუმად გადაიქცა. ყველაფერი ეს ემსახურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც თავისი დიდებული სამთავრობო რეზიდენცია საკუთარ მეგობარსა და UFC-ის ხელმძღვანელს, დანა უაითს დაუთმო.
გთავაზობთ ესპანური გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მცირე შემოკლებით:
ცოცხალი მუსიკა, ავიაგამანადგურებლების საჰაერო აღლუმი, ცნობილი სახეები, ფეიერვერკები, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები, რომლებიც მებრძოლებს ოქტაგონამდე აცილებდნენ… ყველაფერი, რისი წარმოდგენაც კი შეგეძლოთ, აქ ხდებოდა. ეს იყო ტესტოსტერონისა და გრანდიოზული შოუს ნამდვილი გასართობი პარკი. კამერას რომელი კუთხეც არ უნდა გადაეღო, ყველგან ამერიკული დროშები ფრიალებდა. გეიჯი და თოფურია ოქტაგონზე გამოსასვლელად პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან გამოვიდნენ!
ფსონების მიხედვით, თოფურია აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა ესპანელის წინაშე იდგა გეიჯი - ამერიკელი კერპი, რომელსაც პუბლიკა შეძახილებით ხვდებოდა: “U.S.A.! U.S.A.! U.S.A.!”. ის არის მებრძოლი, რომელიც ტექნიკაზე მეტად ქაოსს ეტრფის, მაგრამ მის ზურგს უკან არსებული უზარმაზარი კარიერა - 37 წლის ასაკი და რეკორდული გამარჯვებები მას ამერიკულ MMA-ში კულტად აქცევს. როდესაც ის ოქტაგონზეა, ყოველთვის ხდება რაღაც განსაკუთრებული, უმეტესად ცუდი მისი მეტოქისთვის. ტყუილად როდი ეძახიან მას “The Highlight”. პირველი წამები მის სასარგებლოდ დაიწყო, რომელიც სიმაღლეში ფიზიკურ უპირატესობასა და დარტყმის დიაპაზონს წარმატებით იყენებდა, თუმცა პირველი მტკივნეული დარტყმა მაინც თოფურიას სასარგებლოდ ჩაიწერა. მისი სტრაიკინგი დამანგრეველი იყო.
ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის სახელით
თოფურია ამჯერად სტუმრის როლში იყო. მან ეს როლი თავიდანვე მიიღო შერეული ორთაბრძოლების ამ თავისებურ ფესტივალზე, რომელიც პლანეტის ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის სახელით იმართებოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანელ-ქართველი მებრძოლი სიამოვნებით ირგებს “ბოროტმოქმედის“ ნიღაბს. მან სრულყოფილად იცის, თუ როგორი შოუ უნდა შესთავაზოს მაყურებელს ამგვარ ინდუსტრიაში. თუ პუბლიკა მას სტვენითა და ბოიკოტით ხვდება, ის უპრობლემოდ იწვევს მათ დუელში. პირველ რაუნდში წარბის გახეთქვის შემდეგ ძლიერი სისხლდენა დაეწყო. მძიმე დარტყმები ორივე მხრიდან მოდიოდა, ეს იყო ნამდვილი ომი. მეორე რაუნდში თოფურიამ ამერიკელს რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა. გეიჯიმ გაუძლო ყველაფერს, რისი გაძლებაც კი შეეძლო. ბრძოლა პარტერში გადავიდა და გაისმა ზარი. გაჩნდა განცდა, რომ ილაის გამარჯვება ხელიდან გაუსხლტა. თოფურიას გუნდი ხელიდან გაშვებულ ამ შანსს დიდხანს გაიხსენებს.
გადამწყვეტი მომენტი და დრამატული ფინალი
თოფურიას სახე, რომელსაც ორივე თვალის გარშემო საშინელი სისხლჩაქცევები ჰქონდა, იმის მტკიცებულება იყო, რომ მიუხედავად ბრძოლის კონტროლისა, გეიჯის დარტყმები მაინც აღწევდა მიზანს. ჩრდილოამერიკელმა მესამე რაუნდში ინიციატივის ხელში აღება სცადა. და აი, დადგა გადამწყვეტი მომენტიც: უმძიმესი დარტყმა, რომელმაც ჩემპიონი იატაკზე დაანარცხა. მან მთელი სულითა და გულით გაუძლო ამ დარტყმას და ნოკაუტი აიცილა. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ილია ასეთ მდგომარეობაში ნახა მაყურებელმა. ზარმა ილია იხსნა… მაგრამ მისი თვალი იმდენად იყო დასივებული, რომ საერთოდ ვერაფერს ხედავდა. ექიმი ბრძოლის შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა თოფურიამ გაგრძელება მოითხოვა და მსაჯმაც ნება დართო. ესპანელისთვის ეს იყო უაღრესად დრამატული სცენა. მან როგორღაც მოახერხა მომდევნო სამი წუთის განმავლობაში გადარჩენა და გეიჯიც კი შეაბარბაცა… ბოლო გაცვლებს თეთრ სახლში მყოფი ათასობით მაყურებელი მაქსიმალური ყურადღებით ადევნებდა თვალს, რადგან აცნობიერებდნენ, რომ UFC-ისთვის ისტორიულ მომენტს ესწრებოდნენ. თუმცა, ბრძოლის დასასრული მოჰყვა ალექსანდრე თოფურიას, ესპანურ-ქართველი მებრძოლის ძმის გადაწყვეტილებას, რომელმაც კუთხიდან ბრძოლა შეაჩერა. ილიას ფიზიკური გამოფიტვის აშკარა ნიშნები ეტყობოდა - სახე ძალიან დაზიანებული ჰქონდა და თვალების არეში საგრძნობი შეშუპება აღენიშნებოდა. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც მან კორპუსში მუხლის მძიმე დარტყმა მიიღო, რამაც კიდევ უფრო შეამცირა მისი რეაქციის უნარი. იმის შიშით, რომ მას კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიეღო, მისმა გუნდმა ორთაბრძოლის შეწყვეტა.
პირადი კონფლიქტი, განქორწინება და ტიტულების გაერთიანება
ის კორექტული და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მას გეიჯისთან ჰქონდა, ბოლო კვირების განმავლობაში მთლიანად დაიმსხვრა. თუმცა ოქტაგონზე მხოლოდ პატივისცემა გამოჩნდა. იყო თუ არა ეს მხოლოდ პუბლიკისთვის მოწყობილი სპექტაკლი? ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ თოფურიას არ ესიამოვნა ამერიკელის სიტყვები მის ყოფილ მეუღლეზე. ამერიკელმა აღნიშნა, რომ თოფურიას აუტანელი ხასიათის გამო მას თავადაც მიატოვებდა. საპასუხოდ თოფურიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: “ჯასტინმა ზღვარი გადაკვეთა. რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლესთან მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. შეიძლება ერთად აღარ ვართ, მაგრამ ის ჩემი ქალიშვილის დედაა. ყველა, ვინც მას შეურაცხყოფს ან ისეთ რაღაცებზე საუბრობს, რაც არ იცის: გამოიჩინეთ პატივისცემა. არ არის აუცილებელი პატივი სცეთ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ სხვისი დედის პატივისცემა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წესი უნდა იყოს. იყავი უკეთესი,” - დაწერა ილიამ. შეგახსენებთ, სწორედ ჯორჯინა უსკატეგუისთან არსებულმა კონფლიქტმა აიძულა მსუბუქი წონის ჩემპიონი რამდენიმე თვით UFC-ს ჩამოშორებოდა. მისი არყოფნის პერიოდში დანა უაითმა თავისი მკაცრი შიდა წესები აამოქმედა: თუ ჩემპიონი ტიტულს არ იცავს, ინიშნება ბრძოლა დროებითი ქამრისთვის, სადაც გეიჯიმ პამბლიტს აშკარა უპირატესობით მოუგო. ტიტულების გაერთიანების ბრძოლა კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უსკატეგუიმ თოფურიას წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არასათანადო მოპყრობის შესახებ უკან გაიტანა, განქორწინებაზე სასამართლო შეთანხმების მიღწევის შემდეგ. იხილეთ ასევე:
ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლა, გატეხილი სახე და შეზღუდული მხედველობა - ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან ბრძოლა წააგო “ილია თოფურია იბრძოდა ისე, როგორც ჩვენი საუკეთესო წინაპრები იბრძოდნენ“ - გიორგი კეკელიძე