სასულიერო პირები ახალ პატრიარქ შიო III-ს სინდისის პატიმრების გათავისუფლებისა და საყოველთაო შერიგების იმედით ხვდებიან
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან, შიო III-ის ინტრონიზაციის შემდეგ, ჟურნალისტები სასულიერო პირებს სინდისის პატიმრების გათავისუფლების პერსპექტივაზე ეკითხებოდნენ. პასუხები — სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლებისა — ერთ სიგნალს ატარებდა: ახალი პატრიარქი შერიგების გზას გაიკვლევს.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანი, მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე ამბობს: „რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს, მოხდეს საყოველთაო შერიგება. ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის — იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ.”
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა გიგიბერია, კი მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ ამბობს: „მე საერთოდ არ ვარ თანახმა, ვინმე დაიჭირონ. შეწყალებაც იქნება და ყველაფერი იქნება თავის დროზე.”