იაპონია მთვარის ეკვატორზე გიგანტური მზის „სარტყლის“ მშენებლობას გეგმავს — ოცნება თუ რეალობა?
იაპონია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ენერგეტიკულ პროექტს განიხილავს — მთვარის ეკვატორზე 11 000 კილომეტრი სიგრძის და 400 კილომეტრი სიგანის მზის პანელების „სარტყლის” მოთავსებას, რომელიც დედამიწას განუწყვეტელი ენერგიის წყაროს მიაწვდიდა.
გეგმის მიხედვით, პანელები თავად მთვარის გრუნტიდან შექმნილი მასალებით აიგება. გამომუშავებული ელექტროენერგია დედამიწაზე სპეციალური მიმღები სადგურებისთვის მიკროტალღების ან ლაზერული სხივების საშუალებით გაიგზავნება.
რატომ სწორედ მთვარე?
მთვარეზე ატმოსფერო არ არის — ღრუბელი, ქარი, ნალექი. პანელები მუდმივი სიწმინდის პირობებში, ყოველგვარი მეტეოროლოგიური ხელისშეშლის გარეშე მუშაობდა.
მთავარი ტექნიკური სიძნელე მთვარის „დღე-ღამეშია”: ერთ წერტილზე სინათლე 327 საათს, ანუ ორ კვირას გრძელდება, შემდეგ კი ამდენივე ხნის ბნელეთი დგება. „სარტყელი” სწორედ ამ პრობლემას გადაჭრის — სანამ ერთი ნაწილი ჩრდილშია, მეორე მხარე მზეს უყურებს და ენერგიის ნაკადი არ წყდება.
გამოწვევები
მშენებლობა რობოტებს მიენდობა, რომლებიც წლობით იმუშავებდნენ მთვარის მტვერში, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის პირობებში. ენერგიის გადაცემის სისტემა დედამიწაზე უზარმაზარ მიმღებ პლატფორმებს და მკაცრ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს მოითხოვს — რომელთა შემუშავება ჯერ არ დაწყებულა.
CSP Japan-ის პრეზიდენტი ტეტსუჯი იოშიდა 2011 წელს პროექტს „კოლოსალური დაფინანსების” მომთხოვნელად ახასიათებდა, თუმცა ბიუჯეტი დღესაც უცნობია.
შედარება დღევანდელ მასშტაბებთან
ევროპის ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური ამჟამად თურქეთის კონიის პროვინციაშია — 3,5 მილიონი პანელი, 20 მილიონი კვ.მ. ფართობი, წელიწადში 3 მილიარდი კვტ/სთ — საკმარისი 2-მილიონიანი ქალაქის მოსამარაგებლად. „მზის ბეჭედი” ამ მასშტაბს ათასჯერ გადააჭარბებს.
მშენებლობა 2035 წლიდან შეიძლება დაიწყოს. ბევრი ექსპერტი ფრთხილობს — პროექტი ამჯერად მეცნიერულ-ფანტასტიკურ ვიზიად გამოიყურება, მაგრამ ელექტროენერგეტიკის კრიზისი კაცობრიობას სულ უფრო ექსტრემალური გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.