← მთავარი
მსოფლიო

ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება

17 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ნახეთ:

ინჟინრებმა ჰუმანოიდი რობოტები ძალიან მაღალ დონეზე განავითარეს: მათ უნარებში უკვე საბრძოლო ხელოვნების ფლობა და მარათონებში მონაწილეობაც კი შედის. ამჯერად ჰუმანოიდი რობოტი ახალ სირთულეს შეეჭიდა: მან ევერესტის დალაშქვრა “გადაწყვიტა”. ეს რობოტი Unitree G1-ია, რომელმაც ეკვადორში ჩიმბორასოს ვულკანი უკვე დალაშქრა, რომლის სიმაღლეც 6263 მეტრია. გარდა ამისა, ჩიმბორასო დედამიწის ცენტრიდან იმაზე მეტადაა დაშორებული, ვიდრე ევერესტი. თავისთავად, რობოტს ამისთვის დამოუკიდებლად არ მიუღწევია. როგორც Humanoids Daily განმარტავს, რობოტმა 16-საათიანი მარშრუტის ზოგი სექცია დამოუკიდებლად გაიარა. ეს სექციები მაქსიმუმ 30°-ით იყო დახრილი. ხოლო მარშრუტის დანარჩენი ნაწილი ადამიანების დახმარებით დალაშქრა. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება კადრებიც: სალაშქრო ფეხსაცმელსა და თერმულ ჟაკეტში გამოწყობილი ჰუმანოიდი ჩიმბორასოს მწვერვალიდან გვესალმება.

Introducing Pemba.The first humanoid to climb to 20,000ft.Everest next. More below. pic.twitter.com/k1BHkRLYjm— pabs (@pabloberlangab) June 7, 2026

საინტერესოა, რომ ეს მცდელობები მხოლოდ პრესტიჟისთვის არ არის. ლაშქრობები ფრანგი ინჟინრის, სახელად პაბლოს, მიერაა ორგანიზებული. ამ ყველაფრის მიზანი ჰუმანოიდი რობოტების ექსტრემალური პირობებისთვის მომზადებაა. ინიციატივას “პემბა” ჰქვია და საბოლოო მიზანი გარემოს დამცველების ისეთ საქმეებში დახმარებაა, როგორიც რთულად მისაწვდომი ადგილების მონიტორინგია, მაგალითად, ამაზონის ჯუნგლების. რასაკვირველია, ჯერ კიდევ დიდი გზაა იქამდე, სანამ ჰუმანოიდი რობოტი ამდენად რთული და დატვირთული საქმის შესრულებას შეძლებს. ამის შემდეგ პაბლოსა და თავის გუნდს რობოტის მაუნა-კეაზე (ჰავაი) წაყვანა სურთ, რათა G1 ევერესტის დასალაშქრად კიდევ უფრო უკეთ მოემზადოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.

← მთავარი