← მთავარი
პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ სასაფლაოზე

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
გრიგოლ გეგელია: HRW-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა

პარტია ლელო — ძლიერი საქართველოს წევრი, გრიგოლ გეგელია Human Rights Watch-ის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ანგარიში ქართული ოცნების კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნაა. მისივე განმარტებით, ეს დასკვნა რეჟიმს მოუწოდებს იმისკენ, რომ არსებითად შეცვალოს, ანდა სრულად გააუქმოს ეს დრაკონული კანონები და რომ ზოგადად შეცვალოს ის მავნებლური პოლიტიკური კურსი, რამაც აზარალა ქართველები, საქართველო, ჩვენი საზოგადოება.

“Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა ქართული ოცნების პოლიტიკურ სასაფლაოზე, სადაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში, რადგან მისი მიზანია ამ ქვეყნის სრული რუსიფიკაცია, ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ჩანასახის მოკვლა და ამით საქართველოს ევროპული და ატლანტიკური მომავლის სრული და საბოლოო გადაგვარება. შესაბამისად, ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს იმისკენ, რომ არსებითად შეცვალოს, ანდა სრულად გააუქმოს ეს დრაკონული კანონები. მოუწოდებს იმისკენ, რომ ზოგადად შეცვალოს ის მავნებლური პოლიტიკური კურსი, რამაც აზარალა ქართველები, საქართველო, ჩვენი საზოგადოება. რამაც აზარალა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და პრესტიჟი, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა მათ შორის ქვეყნის ეკონომიკაზე და იმ შემზარავ სოციალურ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს ქვეყანაში”,— განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. მის კომენტარს IPN ავრცელებს.

Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ

ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW)-მა ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს, ფინანსურ შეზღუდვებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად და კრიტიკული ხმების ჩასახშობად იყენებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს უსამართლო სამართლებრივი ზომები, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს — დააწესონ მიზნობრივი სანქციები რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და სასწრაფოდ გაზარდონ მხარდაჭერა დამოუკიდებელი ჯგუფებისთვის.

← მთავარი