არაღჩი დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეს ირანი მართავს და ჩარევა დაძაბულობას გაზრდის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჰორმუზის სრუტეში გემებზე ირანის თავდასხმებისა და აშშ-ს საპასუხო იერიშების ფონზე თქვა, რომ სრუტის გახსნა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა და გახსნამდე მას მხოლოდ ისლამური რესპუბლიკა გააკონტროლებს. ის ასევე დაიმუქრა, რომ ნებისმიერი ჩარევა “დაძაბულობის დონეს გაზრდის”.
“ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის მართვა და სრული აღდგენა ირანის პასუხისმგებლობაა. […] არც ერთ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს არ აქვს ამ საკითხში რაიმენაირი პასუხისმგებლობა ან ავტორიტეტი”. - თქვა არაღჩიმ.
არაღჩიმ გასული ორი დღის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირებები ახსენა და დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის კონტროლის შეზღუდვის “ნებისმიერი მცდელობა” დაძაბულობის დონეს გაზრდის.
“ამ საკითხში ნებისმიერი ჩარევა, ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლანდელი ღონისძიებისგან განცალკევებული ანდა ახალი ზომების მიღების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ უფრო მეტ სირთულეს გამოიწვევს, ჰორმუზის სრუტის გახსნას დააყოვნებს და დაძაბულობის დონეს გაზრდის, როგორც გასული ორი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში ვიხილეთ შემთხვევები, რომლებმაც დაპირისპირება და დაძაბულობის ზრდა გამოიწვია”. - თქვა არაღჩიმ.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ 28 ივნისს ჰორმუზის სრუტეში გემებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ ირანის “რამდენიმე სამხედრო ობიექტზე“ იერიშები მიიტანა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ასევე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისმა საზღვაო და საჰაერო ძალებმა საპასუხოდ იერიშები მიიტანეს აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში.
Reuters-ს აშშ-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ირანის თავდასხმებს არც მსხვერპლი და არც მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.
წინა დღეს, 27 ივნისს აშშ-მ ასევე მიიტანა იერიში ირანის რაკეტებისა და დრონების საცავებზე. ”არ მომწონს ის ფაქტი, რომ მათ გუშინ გაისროლეს - სინამდვილეში ოთხჯერ” - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, აშშ-ს საპასუხო დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე.
ტრამპი: ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებს დრონები ესროლა, ცეცხლის შეწყვეტის სულელური დარღვევაა პარასკევს საღამოს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელიც აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა “ტელეფონი უნდა აიღოს”, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოებები არსებობს. “მაგრამ ძალადობას ძალადობითვე გაეცემა პასუხი” - დაამატა ვენსმა.