[VIDEO] ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილიას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.
დებიუტში ბერგმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბრაზილიამ შეტევებით უპასუხა, საჯარიმოში კუნია აიერმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, გიმარაეშის დარტყმული კი ნიულანდმა მოიგერია. თამაში თანაბარი იყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
58-ე წუთზე კუნია ენდრიკმა შეცვალა, რომელიც მალე ვინისიუსმა ნიულანდთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ნიულანდმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 68-ე წუთზე ანჩელოტიმ მოედანზე ნეიმარი შეუშვა. 79-ე წუთზე სკელერუპის მიერ ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ჰოლანმა მაგალიაეშს დაასწრო და თავურით დალაშქრა ალისონის კარი. 86-ე წუთზე ნიულანდმა კარში რიკოშეტით წასული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. მერე ჰოლანმა დუბლი შეასრულა. კომპენსირებულ დროში ნეიმარმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა და ნორვეგიამ გაიმარჯვა.
ნორვეგია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, მექსიკასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“
ბრაზილია - ნორვეგია 1:2
გოლები: 0:1 ჰოლანი (79), 0:2 ჰოლანი (90), 1:2 ნეიმარი (90+10, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გიმარაეში (14, ბრაზილია)
- ჰოლანმა მიმდინარე ტურნირზე 7 გოლი გაიტანა და მესისთან და მბაპესთან ერთად ბომბარდირია.
- ჰოლანის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 54 მატჩში 62 გოლია.
- გიმარაეში ბოლო 40 წელიწადში პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე პენალტი ვერ გამოიყენა.
- ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბურთის ფლობის საკუთარი ანტირეკორდი განაახლა - 34%.