საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ მგზავრებს ჰანტავირუსი დაუდასტურდათ
საკრუიზო გემ Hondius-იდან, სადაც სამი მგზავრი ჰანტავირუსით გარდაიცვალა, ადამიანების ევაკუაცია გრძელდება. ევაკუირებულ საფრანგეთის და აშშ-ის მოქალაქეებს ვირუსი კვლავ უდასტურდებათ — დასტურდება სამი შემთხვევა: ერთი ფრანგი და ორი ამერიკელი.
ფრანგი ქალი, რომელიც გასულ კვირას გემი დატოვა, პარიზის საავადმყოფოში სპეციალიზებულ საინფექციო განყოფილებაში მკურნალობს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის სტეფანი რისტის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა ორშაბათს დამძიმდა — ქალმა თავი შეუძლოდ კვირა ღამით იგრძნო, ამის შემდეგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ნებრასკაში გადაყვანილ ამერიკელ პაციენტს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა დაავადება ამ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კიდევ ერთ ადამიანს „მსუბუქი სიმპტომები” აღენიშნება. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, პაციენტს ვირუსის „ანდების შტამი” დაუდასტურდა — ეს ჰანტავირუსის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ადამიანებს შორის გადადის.
გემ Hondius-იდან ევაკუაცია 10 მაისს დაიწყო. ორშაბათისთვის ხომალდზე 54 ადამიანი დარჩა — ნაწილი ნიდერლანდებში სპეციალური რეისით გაემგზავრება, ავსტრალიელი მგზავრებიც ამავე რეისით ევაკუუირდებიან, ვინაიდან ტექნიკური მიზეზების გამო მათთვის განკუთვნილი თვითმფრინავი ტენერიფეზე ვერ ჩაფრინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საფრთხეების პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტი ყველა პირზე „აქტიური დაკვირვებაა” საჭირო. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა კი მოსახლეობა სიმშვიდისკენ მოიწოდა: „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ფრანგი ხალხის დასაცავად.”