„Hondius”-ზე ჰანტავირუსი: სამი დაღუპული, ევაკუირებულ მგზავრებს ინფექცია დაუდასტურდათ”
საკრუიზო ლაინერ Hondius-იდან, სადაც ადრე სამი მგზავრი ჰანტავირუსით გარდაიცვალა, ევაკუაცია კვლავ გრძელდება. ევაკუირებულ საფრანგეთისა და აშშ-ის მოქალაქეებს ვირუსი დაუდასტურდათ.
ჯამში სამ ევაკუირებულ მგზავრს დადასტურდა ინფექცია: ერთი საფრანგეთის, ორი — აშშ-ის მოქალაქეა. საფრანგეთის მოქალაქე, პარიზში გადაყვანილი ქალი, მძიმე მდგომარეობაშია. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ სტეფანი რისტის განცხადებით, მდგომარეობა ორშაბათს გამწვავდა — ქალმა კვირას ღამით თავი შეუძლოდ იგრძნო, ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა. ამჟამად ის პარიზის კლინიკის სპეციალიზებულ ინფექციურ განყოფილებაში მკურნალობს.

ნებრასკაში გადაყვანილი ამერიკელი ამჟამად უსიმპტომოა. მსუბუქი სიმპტომები კიდევ ერთ ადამიანს აღენიშნება. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ამ მგზავრს „ანდების შტამი” — ჰანტავირუსის ერთადერთი სახეობა, რომელიც ადამიანებს შორის გადადის — დაუდასტურდა.
გემი Hondius-იდან ევაკუაცია 10 მაისს დაიწყო. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი მოდ ბრეგეონი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს: „საფრანგეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ფრანგი ხალხის დასაცავად”. ორშაბათს გემზე დარჩენილ 54 მგზავრიდან ნაწილი სპეციალური რეისით ნიდერლანდებში გაიმგზავრება; ამავე რეისით ევაკუირდება ავსტრალიელი მგზავრებიც — ტექნიკური მიზეზით მათი თვითმფრინავი ტენერიფეზე ვერ ჩაფრინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საფრთხეების პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარია ვან კერხოვე ხაზს უსვამს, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტში ყოფილ ყველა პირზე „აქტიური დაკვირვებაა” საჭირო.