„წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი“ vs „ქოცები გაიქნენ“ - „ოცნება“ და ოპოზიცია „ჰააგის დეკლარაციაზე“
ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „კუდამოძუებული გაიქცა“ კრიტიკული სივრციდან და ნაცვლად რუსეთის კრიტიკისა უმნიშვნელოვანესი პლატფორმის გამოყენებით, მის „საბოტაჟს“ ახდენს.
8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA), 33-ე ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“;
დეკლარაციაში საქართველოს შესახებ ჩაიწერა, რომ საპარლამენტო ასამბლეა, სხვა მრავალ კრიტიკულ დებულებასთან ერთად, „გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო“.
„ოცნების“ გამოხმაურებები
„საერთაშორისო წესრიგის დასრულების“ მაგალითად დაასახელა საქართველოს შესახებ აღნიშნული კრიტიკული მუხლების მიღება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა, - რომელიც ამჟამად სერბეთში ვიტიზით იმყოფება.
„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად“, - დაწერა მან ფეისბუკზე.
„ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის, თანხმობის და თანამშრომლობის ხელშემწყობები უნდა ყოფილიყვნენ, დღეს, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, კონფლიქტების წაქეზების და პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ“, - დაწერა მან.
„საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარგანზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს“, - ასეთია პაპუაშვილის პოზიცია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, მაია ბითაძემ კი ფეისბუკზე დაწერა, რომ კენჭისყრის შემდეგ OSCE PA-ს წევრებმა მათთან სინანული გამოხატეს:
„38 ხმით გატანილი ჯო ვილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, წინასწარი დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე ჩვენ დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული! იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს სცენარი“, - დაწერა ბითაძემ.
მაია ბითაძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც OSCE PA-ს სესია პროტესტის ნიშნად დატოვეს. დანარჩენი ორი ნიკოლოზ სამხარაძე და ეკა სეფაშვილი იყვნენ.
მათს ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პერე ჟოან პონსმა ასე უპასუხა:
„ალბათ იცით, რომ სკამების დატოვება, თქვენს ქვეყანაშიც არ იყო კარგი გადაწყვეტილება და თქვენ ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტის სკამების დატოვება ყოველთვის ყველაზე უარესი არჩევანია, ვინაიდან დემოკრატია გულისხმობს ერთად ყოფნას და კონფლიქტების მოგვარების მცდელობას“.
„ქოცები გაიქცნენ“ - „ლელო“
„ლელო/ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „გაქცევად“ შეაფასა მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილება და მათ, - როგორც ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს, - „ქოცები“ უწოდა. გეგელიამ განაცხადა:
„ქოცები კიდევ ერთხელ გაიქცნენ, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან“.
„ქოცი გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე, სადაც არის თავისუფალი კონკურენცია, სადაც არ ჭრის ქოცური ხრიკები, სადაც არ მუშაობს მდარე „ქოცური“ ვირეშმაკობა. ქოცი მირბის ყველა იმ სივრცეში, სადაც არის დიქტატურა, კორუფცია, უკანონობა, ძალმომრეობა“, - განაცხადა მან.
„ნიშანდობლივია, რომ დღეს „ოცნების“ რეჟიმმა უარი განაცხადა სწორედ „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე. „ქოცს“ აშინებს ყველაფერი, რაც ჰააგას უკავშირდება, რადგან „ქოცმა“ ძალიან კარგად იცის, რომ მისი დასასრული მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სწორედ ამ ქალაქის სახელგანთქმულ ტრიბუნალთან. შესაძლოა, „ქოცი“ დღეს კუდამოძუებული გამოქცეულიყო ჰააგის საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაექცევა ჰააგის ტრიბუნალს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
„უსაფრთხოების პლატფორმის საბოტაჟი“ - გახარია
ექსპრემიერი გიორგი გახარია (პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი) პლატფორმა X-ზე გერმანიიდან გამოეხმაურა მომხდარს და დაწერა:
„მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს, ნაცვლად იმისა, რომ იგი ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე“.
„ვინაიდან ეუთოს საზოგადოების მოტყუება ვერ მოახერხა, „ოცნების“ დელეგაციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, პერე პონსისგან სამართლიანი და შესაბამისი პასუხი მიიღო“, - წერს გიორგი გახარია.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ „სრულად აქვს რეპუტაცია დანგრეული“: „ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, ციხითა და ჯარიმებით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ კი - სამარცხვინო ისტერიით“, - დაწერა მან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაციაში“ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
დოკუმენტი გმობს დემონსტრანტებზე, ოპოზიციასა და მედიაზე ზეწოლას, მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები, გამოიძიოს ძალადობისა და წამების ყველა შემთხვევა და სრულად შეასრულოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ 2026 წლის ანგარიშის რეკომენდაციები.
დეკლარაცია ასევე ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.