"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
News Makers-ის Youtube არხზე გადაცემა “ყვითელი ბარათის” სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი იყო, რომელმაც ბევრ თემაზე და მათ შორის, საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ეროვნულ გუნდს 2026 წლის მუნდიალზე გასვლა შეეძლო, მაგრამ მან თავისი აზრით ამ წარუმატებლობის მიზეზი ახსნა.
“მსურდა ჩემი კარიერა მაჟორულ ნოტაზე დამესრულებინა, რადგან მჯეროდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო, თუმცა მე როგორც გიორგი გველესიანი, ნაკრებში გარკვეული მიზეზების გამო გამოძახებული აღარ ვიყავი.
შემდეგ კარიერაშიც ისე არ დამილაგდა ყველაფერი, როგორც მე მსურდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესია, რადგან როდესაც ნაკრების წევრი ხარ და თამაშობ, კლუბშიც სხვა ნოტაზე ხარ.
12-დღიანი ომი დაემთხვა, სანამ კონკრეტულ კლუბთან მოვაწერდი კონტრაქტზე ხელს და როდესაც უკვე ეს შემეძლო, სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილი იყო. შემდეგ მომიწია გუნდთან ჩემთვის ყველაზე არასახარბიელო შემოთავაზებაზე დათანხმება.
მარტივად, რომ ავხსნა, თუ ვინმეს ვუხდი X თანხას და სხვას ვუხდი ორჯერ ნაკლებს, ჩემთვის X თანხა უფრო პრიორიტეტულია. რა თქმა უნდა, ნაკრებს თავისი პრიორიტეტები გააჩნია და მწვრთნელი თავად წყვეტს ვინ გამოიძახოს.
ის ფორმა, რაც ჩემს არ გამოძახებას მოყვა, მატჩის წინ თუ მის შემდეგ, ჩემი გვარი რამდენჯერმე გაჟღერდა. პარადოქსულია ასაკზე საუბარი, მაგრამ 33 წლის ვიყავი როდესაც გამომიძახეს და ასევე 33 წლის ვიყავი, როდესაც აღარ დამიძახეს.
ეს პანაცეა, რომ გინდა თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა ვითამაშოთ, რამდენად სამართლიანია?! არის თუ არა 33 წლის ფეხბურთელი ხანდაზმული?! გააჩნია მეტაბოლიზმს, რა წონაა და ა.შ. ბევრი დეტალია.
ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა მაქვს 9 წელია და მას მუდმივად ვმკურნალობ. ეს ჯაფა რაც ამ დროის განმავლობაში მაქვს ჩაყრილი, ფიზიკური მომზადებისა და მზადყოფნისთვის, მინდორზე გასვლისთვის კილოგრამებით ტკივილგამაყუჩებლები მაქვს მიღებული, ცოტა მენანება.
ეს ყოველივე გარკვეულწილად გულდასაწყვეტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწორო. მინდოდა ბოლომდე მებრძოლა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო.
დიდი შეცდომა დავუშვით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ან სხვა ვინმე არ გამოიძახეს, მაგრამ რაღაცები აურ-დაურიეთ, რისი უფლებაც არ გვქონდა. ფეხბურთში ყველაფრის მიწერება გამართლებაზე არ შეგვიძლია. წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, დავიმსახურეთ, მაგრამ წარმატებას შესაძლოა მოყვებოდეს კრიზისი და ზოგჯერ ასეც ხდება.
თუმცა, როდესაც რაღაცების არასწორედ კეთებას იწყებ, მაგალითისთვის გადააწყობ ტაქტიკას და მიზეზად მოგყავს, 3-მცველიან ტაქტიკაში შეტევაში კაცი გაკლდება, ეს ძალიან პროფანული შეფასებაა.
თუ სწორად დგახარ, შეუძლებელია 3 მცველიან ტაქტიკაში შეტევაში კაცი გაკლდებოდეს. მერე ისევ 3 მცველიან ტაქტიკაზე გადმოწყობა მოგვიწია. იმ მომენტში და იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა ის ტაქტიკა და მონახაზი, რომელმაც წარმატება მოგვიტანა, რაც არ იყო გადაბერებული და დრომოჭმული, შევცვალეთ.
დრომ გამოაჩინა, რომ ამ ყველაფერმა არ გაამართლა და ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის?! ეხლა ეს ძალიან აბსტრაქტული საუბარი და მსჯელობაა, თუმცა მე ამაზე ჩემი აზრი გამაჩნია.
ფეხბურთი არ დაიყვანება რაღაც დეტალებზე, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითს ავიღებ და მე თქვენ პირადად გესაუბრებით (ჟურნალისტს) პირდაპირ გეუბნებით თქვენს პლუსებსა და მინუსებზე და თუ სამსახურიდან თქვენი გაშვება მომიწევს, ამას პირადად გავაკეთებ და არა პრესკონფერენციიდან. ეს ჩემთვის მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ემოციური ბმა არის. ამ ყოველივეს წყენით არ ვამბობ, ყველა თავისებურად იქცევა, მაგრამ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა.
ეს ყოველივე უკვე წარსულია და ნაკრები მომავლისკენ უნდა იყურებოდეს, სადაც ჩემი ადგილი არ არის და ამ ფაქტს უკვე შეგუებული ვარ. საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება? - მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც მაქსიმალური მიზნებისთვის ბრძოლა სურს.
არ ვაპირებ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას, რადგან ის მოტივაცია და ცეცხლი, როდესაც არ გამაჩნია და რაღაც დიდისთვის არ ვიბრძვი, უკვე მცირე მიზნებისთვის ბრძოლა არ მინდა. არ არის გამორიცხული მომავალში სადმე მიხილოთ, მაგრამ დღეს და ხვალ ამას არ ვგეგმავ”, - თქვა გველესიანმა.