გვარამია: „ლელო” და „გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციურ ალიანსში უნდა გაერთიანდნენ
„ახალის” ლიდერი და ოპოზიციური ალიანსის წევრი ნიკა გვარამია „ლელო — ძლიერ საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” პარტიებს ოპოზიციურ ალიანსში შესვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან „უმრავლესობა” პოდკასტში ისაუბრა.
„ყველა უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს? მე ძალით ხომ ვერ ვაიძულებ, მაგალითად, „ლელოს”, რომ შემოვიდეს, „გახარიას”, რომ შემოვიდეს ალიანსში. მგონია, რომ უმძიმესი შეცდომა იყო 2025 [წელი] და კიდევ უფრო მძიმე — გახარიას პარლამენტში დაბრუნება. მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად ღიად ვამბობ — და იმ ლოგოზე ცარიელი კვადრატის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი — რომ აქ ეს ხალხი უნდა მივიღოთ. ამ ტიპის გარჩევების დრო იქნება, ბიძინა რომ წავა, მერე. Fair play-ს შესაძლებლობა რომ იქნება სამართლიანი არჩევნების გზით, მაშინ გავარჩიოთ ყველაფერი და წარსული”, — განაცხადა გვარამიამ.
კოალიცია „ცვლილებების” ლიდერი ამბობს, რომ ახლა „გარჩევების” დრო არ არის — ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის” დასამხობლად ყველა უნდა გაერთიანდეს.
ოპოზიციური ალიანსი 2026 წლის 2 მარტს დაფუძნდა. მასში ამჟამად 9 პროდასავლური პარტია გაერთიანდა: „ახალი”, „გირჩი — მეტი თავისუფლება”, „დროა”, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „ევროპული საქართველო”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ფედერალისტები”, „თავისუფლების მოედანი” და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ალიანსის გამოცხადებული მიზანია ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის” დასასრული, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.