გუცაევი: „ნაკრები 3-4 წლის წინანდელ დონეს დაუბრუნდა — ერთი ფეხბურთელით ვერაფერს ვიზამთ”
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი UG Art პოდკასტში სტუმრობისას საქართველოს ნაკრების შესახებ მკაცრი შეფასება გააკეთა: „ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. ევრო 2024-ის შემდეგ ჩვენი თამაში წარუმატებელია.”
გუცაევი ამბობს, რომ სექტემბრის ოფიციალური მატჩებამდე პირადად ვერ ხედავს გუნდს: „რა არის გუნდი? გულშემატკივარი თუ საფეხბურთო სპეციალისტი ღამე რომ გააღვიძონ, სასტარტო შემადგენლობის 9 ფეხბურთელი უნდა ჩამოთვალოს. ნაკრები 3-4 წლის წინ სადაც იყო, იქ დაბრუნდა.”
„ერთადერთი მაგარი ფეხბურთელი, ვისაც დღეს ვხედავთ, ხვიჩა კვარაცხელიაა — მაგრამ ერთი ფეხბურთელით ვერაფერს იზამ. მის გარდა კიდევ 2-3 ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ გუნდს ეს არ შველის. მინიმუმ 8 ძლიერი ფეხბურთელია საჭირო,” — განაცხადა გუცაევმა.
შედარებისთვის მან „დინამო თბილისის” ოქროს თაობა გაიხსენა: „ჩვენი დროის გუნდში 9 ფეხბურთელი სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. 2-3 კარგი მოთამაშე ჰყავდა, შედარებით ნაკლები დონის — მაგრამ გუნდი ამას „იტანდა”. ახლა ეს ბალანსი არ არის.”
საქართველოს ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგის B დივიზიონში ჩრდილოეთ ირლანდიას (25 სექტემბერი) და უკრაინას (28 სექტემბერი) დაუპირისპირდება.