სად ბინადრობს თბილისში გიურზა და როგორ დავიცვათ თავი შხამიანი გველისგან? - სპეციალისტის რჩევები
ცხელი ამინდები გამოვიდა და სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა, ბევრი შეშფოთებულია, რომ თბილისის ქუჩებში პოულობენ გველებს. როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ამბობენ, ისინი ოპერატიულად გადიან გამოძახების ადგილებზე და წელს მაისის ჩათვლით დაჭერილია 38 გველი. “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეწარმავლებთან დაკავშირებულ გამოძახებებზე ოპერატიული რეაგირებაა, რა თქმა უნდა, სეზონზე იმატებს გამოძახებები, მათ შორის, ნაწილი ცრუგამოძახებაა. სააგენტო ყოველთვის მზად არის მოახდინოს მყისიერი რეაგირება. 2025 წელს დაჭერილია - 210; 2026 წელს - 38 (მაისის ჩათვლით). სააგენტოს ჰყავს პროფესიონალი ჰერპეტოლოგი და მაშველები, რომლებიც ადგილზე მისვლას და საჭირო ღონისძიების გატარებას უზრუნველყოფენ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, ქვეწარმავლის შემჩნევისას არ სცადონ მისი თვითნებურად დაჭერა, აუცილებლად დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე 112-ის საშუალებით, რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად მოახდინოს რეაგირება”. რა სახეობის გველია გავრცელებული დღეს თბილისში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის განყოფილების ხელმძღვანელი კოტე ფხაკაძე გვესაუბრება.
-
ბატონო კოტე, ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია, რომ თბილისში ძალიან მომრავლდა ქვეწარმავლები, განსაკუთრებით გველები, რას იტყვით ამაზე?
-
ეს პრობლემა ყოველ წელს არის, ძირითადად, გარეუბნებში, სადაც ადრე ველური ბუნება იყო, მერე იქ ელვის სისწრაფით გაჩნდა ქალაქი. მშენებლობის დროს საძირკვლისთვის მიწა რომ გაითხარა, შეიძლება ქვების ქვეშ გამოსაზამთრებლად გველი იყო ჩასული და, რასაკვირველია, გამოჩნდებოდა. ბუნებაში ქვეწარმავალი იმაზე მეტი ვერ იქნება, რაც სჭირდება იმ ტერიტორიას. მათი რიცხვი არ იზრდება, უბრალოდ, ადამიანების რაოდენობა გაიზარდა დაუსახლებელ პუნქტებსა და ტყეებში. გაჩნდა მშენებლობები, ახალი დასახლებები, სადაც იქ მობინადრე გველებს გამოხშირავენ და შეავიწროებენ. ამიტომაც ნელ-ნელა შემცირდება მათი რაოდენობა.
-
ვიდეოფირი გავრცელდა, რომელშიც ცინცაძის ქუჩაზე გველია. იქ როგორ აღმოჩნდა?
-
მცურავი გველი, თუ არ ვცდები, ავტოსადგომში იპოვეს. ეტყობა, მანქანა სადღაც დაუსახლებელ ადგილას იყო გასული და შეიძლება გველი შეძვრა, მერე კი დაბრუნებული მანქანიდან გამოძვრა. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. მანქანა ბუნებაში ისეთ ადგილას უნდა გააჩერო, რომ გველის შეძრომის ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ძალიან ხშირად უნახავთ გველები დიღომში, იქ, სადაც ტრაქტორების ბაზაა. ვთქვათ, რომელიმე ტრაქტორით გარდაბანში ამუშავებდნენ მიწას, სავსებით შესაძლებელია შეძვრეს გველი, იმიტომ, რომ იქ ტენიანობაა, სინესტე, მერე კი გველი ავტოსადგომში მოხვდა. გააგრძელეთ კითხვა