გურამიშვილის გამზირზე 26-სართულიანი კომპლექსი იგეგმება — მფლობელი ორმაგი მოქალაქეა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. ინვესტორმა — შპს „ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფმა” — უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
სკრინინგის პროცედურა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ურბანული განვითარების პროექტი სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება. საპროექტო ტერიტორიის სრული ფართობი 257 920 კვ. მეტრია (25.79 ჰა), რაც ამ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება.
გეგმაში შედის სავაჭრო ცენტრი, 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკი და 26-სართულიანი კომპლექსი.
ვინ არის მფლობელი?
შპს „ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფი” ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელი 2025 წლიდან გახდა. სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100-პროცენტიანი წილი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს — სოლომონ ჩხაიძეს — ეკუთვნის.