← მთავარი
სპორტი

"მინდა, თბილისის "დინამო" და "ვიტესი" გავწვრთნა, საოცნებო სამუშაო ადგილი კი საქართველოს ნაკრებია"... გურამ კაშია მწვრთნელობას იწყებს...

19 აგვისტო, 2026 · წყარო: lelo.ge

Šport24.sk გურამ კაშიაზე წერს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ცოტა ხნის წინ დაასრულა კარიერა ეროვნულ გუნდში და, როგორც ჩანს, აქტიურ საფეხბურთო კარიერასაც ამთავრებს, რის შემდეგაც მწვრთნელობას დაიწყებს.

“კარიერის დასრულების მიუხედავად, გურამ კაშია რჩება “სლოვანთან” ახლოს. ის კლუბის ცოცხალი ლეგენდაა. “სლოვანის” შემადგენლობაში მან 5 წარმატებული სეზონი გაატარა. ის გუნდში ვლადიმირ ვაისმა მოიყვანა. მათ ერთად დიდი წარმატებით იმუშავეს - მიჯრით ხუთჯერ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები და, გარდა ამისა, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

38 წლის კაშიამ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. მიუხედავად აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებისა, ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სლოვაკეთში დარჩა. ხშირად ესწრება “სლოვანის” შეხვედრებს. ბოლოს გურამი შენიშნეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე. კლუბის მესვეურები მას ძალიან თბილად დახვდნენ.

კაშია შემთხვევით არ არის სლოვაკეთში. ის სამწვრთნელო სტაჟირებას სწორედ “სლოვანში” გადის და ამბობს, რომ მოხარულია, რადგან აქვს სწავლის დრო. პროფესიონალ ფეხბურთელად ყოფნისას მას ამის საშუალება არ ჰქონდა.

“25 წელი ვითამაშე პროფესიონალურ დონეზე. ახლა სხვა კუთხით ვარ ფეხბურთში. ვფიქრობ, შესაფერისი დროა, რადგან “სლოვანში” შენდება რაღაც ახალი. არ ვნანობ საფეხბურთო კარიერის დასრულებას. აღარ ვგრძნობ წნეხს. მივიღე თავისუფლება, რომელიც ხშირად მაკლდა.

ახლა ბევრ დროს ვატარებ ოჯახთან ერთად და აღარ მაქვს ზედმეტი კილოგრამების შიში. კიდევ რამდენიმე თვეს დავისვენებ, მერე კი მჯერა, რომ მწვრთნელობის შანსი გამომიჩნდება და ერთ დღესაც “ტეჰერნე პოლეზე” (“სლოვანის” საშინაო არენა - რედ) დავბრუნდები მწვრთნელის რანგში. “სლოვანის” გარდა, ძალიან მინდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბები, თბილისის “დინამო” და არნემის “ვიტესი” გავწვრთნა, საოცნებო სამუშაო ადგილი კი საქართველოს ნაკრებია”, - ამბობს კაშია.

← მთავარი