ბადრა გუნბა: „გარდაუვალია” — აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარდება და გაეროს წევრი გახდება
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ბადრა გუნბამ, განაცხადა, რომ „ადრე თუ გვიან” აფხაზეთი სრულად იქნება საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, და გაეროს წევრიც გახდება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასთან” ინტერვიუში — მოსკოვში 9 მაისის ვიზიტის შემდეგ — გუნბამ განაცხადა, რომ გრძელდება მუშაობა ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და „რიგი აზიური და აფრიკული სახელმწიფოების” მოსაზიდად. კონკრეტული ქვეყნების სახელები მან არ გაასაჯაროვა.
„მუშაობა გრძელდება — ზოგიერთ შემთხვევაში უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გვსურს, კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს,” — განაცხადა მან.
გუნბამ ასევე განმარტა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან „სრულად დაუჭირონ მხარი” აფხაზეთს, ხშირად „დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ქვეშ” იმყოფებიან.
„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მივალთ იქამდე, რომ აფხაზეთი სრულად იქნება აღიარებული და გაეროში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. ეს გარდაუვალია, ვინც არ უნდა შეეწინააღმდეგოს.”