← მთავარი
პოლიტიკა

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე დააკავა

30 მაისი, 2026 · წყარო: on.ge · ambebi.ge
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით „ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე დააკავა. სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ეს ბრიფინგზე განაცხადა.

მაღრაძის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

„დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იმართებოდა,” — განაცხადა მაღრაძემ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რცხილაძე ერთდროულად ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობდა და პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, მას შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

← მთავარი