ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ბრალი წარუდგინეს — ადვოკატი: „პირდაპირი მტკიცებულება არ დევს”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ბრალი წარუდგინა. ბრალი ეფუძნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლს, რომელიც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ადვოკატი ლაშა გოლუბიანი ბრალის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს: „ის ამბობს, რომ არანაირი ჯაშუში არ არის. პირიქით, მისი მოღვაწეობა მიმართული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ.”
ადვოკატის განმარტებით, დაკავების სავარაუდო მიზეზი „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს” შექმნა და „ობიექტივი” ტელეარხზე გადაცემის გაძღოლაა: „27 მარტიდან გადაცემა დაიწყო, გარკვეული თემები გაიშალა — ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა.”
„პირდაპირი მტკიცებულება არ არის”
გოლუბიანი ასევე განაცხადა, რომ 11-12 ტომიან საქმეში „პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულს ამტკიცებს, არ დევს”: „არის შესაძლოა საგამოძიებო ორგანოს მიერ შექმნილი დოკუმენტი, ფარული მიყურადების მასალა, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, ამტკიცებს თუ არა ეს ჯაშუშობას.”
სუს-ის ცნობით, რცხილაძე ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. სამსახური არ პასუხობს კითხვას, თუ რომელი ქვეყნებია ეს. ადვოკატი ერთ-ერთთან დაკავშირებით ამბობს, „ალბათ რუსეთი იქნება”.
ვინ არის გულბაათ რცხილაძე
მედია ინფორმაციით, რცხილაძე „ობიექტივი” ტელეარხის თანამშრომელი და რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელია: „ევრაზიის ინსტიტუტი”, „კავკასიური თანამშრომლობა”, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის” და „საქართველოს უკვდავი ჯარი”. „აი, ფაქტის” ინფორმაციით, მისი ორგანიზაციები 2020 წლიდან ფინანსდება 2023 წელს აშშ-ის მიერ სანქცირებული „პრავფონდის” მიერ.
30 მაისს, რცხილაძის დაკავების დღეს, ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი — „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი ჩიხლაძეც დააკავეს.