← მთავარი
პოლიტიკა

"სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება" - საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძე მოსარჩელე "ოცნებას"

22 ოქტომბერი, 2026 · წყარო: newposts.ge

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელეს — „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, წარმოდგენილ სარჩელში მეტი სიცხადე შეიტანონ და კონკრეტულად მიუთითონ, რომელი პოლიტიკური გაერთიანების მიმართ რა პრეტენზია გააჩნიათ.

მოსამართლის შეფასებით, ბრალდებებისა და მტკიცებულებების გამიჯვნის გარეშე პროცესის წარმართვა გართულდება.

„მე მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო… იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა პროტესტი, რა სამდურავი გაგაჩნიათ და თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა შეერაცხოს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას, რომელი მიეწერება…

მაგალითად, არის 2003–2012 წლების ფაქტები. ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ამ ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს, რადგან ისინი კოალიციაში არიან და სხვა დროს იყვნენ, ან ამათი — დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა შეერაცხოს თუ არა… აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარი არის ნამდვილად და ამიტომ, ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება“, — განაცხადა ევა გოცირიძემ.

ევა გოცირიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა სხდომაზე განმარტეს, რომ წარმოდგენილ სარჩელში ნათლად არ არის მოცემული, რომელ საკითხს რომელმა მოპასუხემ უნდა უპასუხოს და ბუნდოვანია, წარმოდგენილი მასალებიდან ვის რა მიემართება.

← მთავარი