როგორც ჩანს, “იბერიაში” დაიწყო მცირე განახლების პროცესი, რაც კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა რამზდენიმე დღის წინ დააანონსა. როგორც მოქმედი ჩემპიონის პირველკაცმა თქვა, გუნდს 5 ფეხბურთელი დატოვებს.
“პირველი მერცხლები” გურამ გოშთელიანი და თორნიკე ახვლედიანი არიან. კლუბმა მათ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ გოშთელიანი სწორედ “იბერიას” (“საბურთალოს”) აკადემიის აღზრდილია. პირველად, ის სწორედ აქედან წავიდა უცხოეთში (ბულგარეთის “პირინი”) და მერე ორჯერ დაბრუნდა მშობლიურ კლუბში.
ბოლო დაბრუნება 2025 წლის დასაწყისში შედგა. 29 წლის შემტევმა “იბერიას” მაისურით 135 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
“პირინის” გარდა, ითამაშა კიდევ ერთ უცხოურ კლუბში - სლოვაკურ “დოლნი კუბინში”, ხოლო საქართველოში “თელავისა” და “დილას” ღირსებას იცავდა.
გუნდი დატოვა 26 წლის შემტევმა თორნიკე ახვლედიანმაც, რომელიც “იბერიაში” 2024 წლის აგვისტოდან თამაშობდა (57 მატჩი, 3 გოლი, 4 “ასისტი”).
“გაგრას” აღზრდილმა 2017 წელს კარიერის აწყობა ესპანეთში, კერძოდ, “ლეგანესის” 19-წლამდელთა გუნდში სცადა. 2019 წელს დაბრუნდა საქართველოში და “ზესტაფონიდან” დაწყებული, ითამაშა თბილისის “დინამოში”, “ტორპედოში”, “სამტრედიასა” და “თელავში”.