← მთავარი
სამართალი

გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემაში ბრალდებულ ექვს პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

29 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემაში ბრალდებულ ექვს პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გორის საქალაქო სასამართლომ პაპუნა ლოცულაშვილის ცემაში ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა გამოიტანა, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა ბრალდებული ერთმანეთის კოლეგაა, გამოძიება ჩართული ყველა პირის დასადგენად გრძელდება. ბრალდებულთა ნაწილი, პროკურორის თქმით, გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

„ეს ჩვეულებრივი საქმე არაა — ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლები არიან. გარდა დაკავებულებისა, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ, მათი დადგენის ღონისძიებები მიმდინარეობს,” — განაცხადა პროკურორმა.

19 წლის ბრალდებულ საბა წაველიძის ადვოკატი, ზურა კაპანაძე, წინასწარ პატიმრობას ეწინააღმდეგებოდა: „19 წლის პირი რეაბილიტაციის მაღალი შესაძლებლობის ახალგაზრდაა. მან გამოძიებაში ითანამშრომლა. პატიმრობა უკიდურეს ღონისძიებას წარმოადგენს — მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების კონკრეტული საფრთხე არ დადასტურებულა.”

ბრალდებულთა ასაკი 19-დან 35 წლამდეა: ვლადიმერ გოდერძიშვილი (დ. 2004), ვანიკო მისირელი (2002), გიორგი წკრიალაშვილი (1991), ალექსი ბადალოვი (1990), ბესო მალაციძე (1992) და საბა წაველიძე (2006). სასამართლო პროცესსე არც ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა.

27 მაისს „ქართლის ამბებმა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს ფიზიკურად 10-მდე სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცზე. პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო.

← მთავარი