გორში ნაცემი მოქალაქეების ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი კაცების — პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის — ადვოკატს პროკურატურამ გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინა, რის შემდეგაც დაზარალებული მხარე მტკიცებულებებზე საჯაროდ ვეღარ ილაპარაკებს. ამის შესახებ „პირველებს” ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი ადასტურებს.
„ჩვენ არჩევნის წინაშე ვიდექით: ანდა ხელი მოგვეწერა გაუთქმელობაზე და საქმის მასალებზე წვდომა გვქონოდა, ანდა ეს წვდომა შეგვეზღუდა. ეს რეგულაცია კანონმდებლობაში ამ სახით არსებობს,” — განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, განსაკუთრებულია ის გარემოება, რომ ამ საქმის მთავარი მტკიცებულებები ისედაც გასაჯაროებულია: „ეს ის შემთხვევაა, სადაც გაუთქმელობა ფაქტობრივად ზედმეტია, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვავალდებულეს.”
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, სამართალდამცავებმა პაპუნა ლოცულაშვილი და მისი მეგობარი ჯგუფურად სცემეს. საქმეზე ექვსი სამართალდამცველი დაკავებულია — მათ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ძალადობით ჩადენილი, წარედგინებათ. სასჯელი — 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ამავდროულად, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგაც — პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით.