← მთავარი
სამართალი

გორში ათამდე პოლიციელი დაკავებულ მოქალაქეს ჯგუფურად სცემს — პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

· წყარო: on.ge · ambebi.ge
გორში ათამდე პოლიციელი დაკავებულ მოქალაქეს ჯგუფურად სცემს — პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გორის კომბინატის დასახლებაში ჩაწერილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ძალადობს ფიზიკურად ათამდე სამართალდამცავი კაცზე, რომელიც მიწაზე მწოლიარე, განეიტრალებული იყო და პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა.

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა… ცივი იარაღი ჰქონდა” — ამ სიტყვებით უპასუხა პოლიციელმა „ფორმულის” ჟურნალისტს, რომელმაც შეეკითხა, რატომ ჰქონდა ადგილი ძალადობას.

ვიდეო „ქართლის ამბებმა” გაავრცელა; „ფორმულამ” კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კადრებით ირკვევა, რომ სამართალდამცავები კაცს გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც იგი უკვე მიწაზე დაჩოქილი, განეიტრალებული იყო.

საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით — ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე — გამოძიება დაიწყო. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,” — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

← მთავარი