გორელების ადვოკატებს პროკურატურამ გაუთქმელობა მოსთხოვა — მასალებზე წვდომის სანაცვლოდ
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქეების ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი, განმარტავს: პროკურატურამ გამოძიების მასალებზე სრული წვდომა მხოლოდ გაუთქმელობის ხელწერილის სანაცვლოდ შესთავაზა.
„არჩევანის წინაშე დაგვაყენეს. პროკურატურის პირობა ასეთი იყო: მასალებს მიიღებთ, თუ კონფიდენციალობის ხელწერილს მოაწერთ. ჩვენ მასალებზე წვდომის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი,” — ამბობს ის. — „მიმაჩნია, გამოძიების ინტერესებზე დაყრდნობით უპირობო გაუთქმელობის მოთხოვნა მეტ დასაბუთებულობას მოითხოვს.”
გაუთქმელობა დაზარალებულებსაც დააკისრეს. მასალების გამჟღავნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
პროკურატურამ ეს ფაქტი რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა და განმარტა, რომ ამ ზომის მიზანია „გამოძიების პროცესის დაცვა”.
ვინ არიან ბრალდებულები: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე. მათ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გოდერძიშვილი და მისირელი ბრალს აღიარებენ; ბადალოვი — უარყოფს. სასამართლო სხდომებს ბრალდებულები არ ესწრებიან.
დაზარალებულები: პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი.
ბრალდებულ პოლიციელ ბადალოვის ადვოკატმა გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერა — პროკურატურამ მისგან ეს არ მოითხოვა.