გორში მოქალაქის ცემაში ბრალდებულ 6 პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ გორში მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის სასტიკად ცემის საქმეში ბრალდებულ 6 პოლიციელს — ვლადიმერ გოდერძიშვილს, ვანიკო მისირელს, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილს, ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს და საბა წაველიძეს — პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ — პირიქით, ხელს უშლიდნენ: „ეს ჩვეულებრივი საქმე არ არის, ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლები არიან. 6 ბრალდებულიდან 4 საკუთარ ქმედებებზე მხოლოდ ნაწილობრივ უთითებს და იმასაც — არასწორად. რომ ეთანამშრომლათ, სხვა პირებიც გამოიკვეთებოდა.” ბრალდებული პოლიციელები სხდომას საკუთარი სურვილით არ დასწრებიან, მათ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ინციდენტის ქრონოლოგია
27 მაისს პოლიციამ გორში პაპუნა ლოცულაშვილი დაამუხთა. ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ვიდეოს გავრცელების შემდეგ პროკურორმა მისი გათავისუფლება მოითხოვა. ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი — 27 მაისს კლინიკა „ვივამედში” ჩაიყვანეს, სამი საათის შემდეგ გათავისუფლდა, 29 მაისს, გვიან ღამით, კვლავ მოხვდა კლინიკაში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, მდგომარეობა სტაბილურია.
28 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ მოქალაქე „საპოლიციო გადამოწმების მიზნით” შეაჩერეს და ძალადობას „მის მხრიდან აგრესიული ქმედება” უძღოდა წინ. ამავე დღეს ექვსი პოლიციელი დააკავეს — პოლიციელები ბრალდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. სასჯელი — 5-დან 8 წლამდე პატიმრობა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.” „ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გავრცელებული კადრები „აბსოლუტურად მიუღებელია” და „შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ სათანადო რეაგირება.”