← მთავარი
მსოფლიო

Google Earth-ის ახალი ფრენის სიმულატორით მსოფლიოს გარშემო ფრენა შეგიძლიათ

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
Google Earth-ის ახალი ფრენის სიმულატორით მსოფლიოს გარშემო ფრენა შეგიძლიათ

Google Earth-მა ბრაუზერისთვის ფრენის სიმულატორის ახალი ვერსია გამოუშვა — ეს ფუნქცია თავიდან, 2007 წელს, Google Earth-ის დესკტოპ ვერსიაში “დამალულ” ფუნქციად (Easter egg) გამოჩნდა, ახლა კი პირველადაა ხელმისაწვდომი უშუალოდ ბრაუზერში, აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე. 12 ივნისს, Google Earth-ის გუნდმა X-ში გამოაცხადა, რომ ფრენის სიმულატორი ახლა ვებში გლობალურად ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. განახლება იმ ცვლილებების ნაკრების ნაწილია, რომელიც ვებ-ვერსიას დესკტოპის პროფესიონალურ ფუნქციებთან აახლოებს, მათ შორის, სიმაღლის პროფილებისა და ახალი იმპორტის ტიპების დამატებას, რაც მხოლოდ Google Earth Pro-ში იყო ხელმისაწვდომი.

Prepare for takeoff. ✈️ Flight simulator is now available globally on web to all users. https://t.co/jV5ZW7BZeWWe’ve recently added many our most powerful professional desktop features to web. Elevation profiles, new import types, but there’s always been one other feature… pic.twitter.com/s11NDaCx60— Google Earth (@googleearth) June 12, 2026

როგორ ვიფრინოთ? ფრენისთვის საჭიროა earth.google.com-ზე გადასვლა, “Explore Earth”-ზე დაწკაპუნება, “Tools” მენიუს გახსნა და იქიდან “Flight simulator”-ის არჩევა. სტანდარტულად სიმულატორი აჩვენებს აბსტრაქტულ საბაზო რუკას, რელიეფის გარეშე. ფოტორეალისტური სატელიტური გამოსახულების სანახავად, საჭიროა, საბაზო რუკის ტიპის “Map”-იდან “Satellite”-ზე გადართვა.

თბილისი Google Earth-ის ფრენის სიმულატორში

ფოტო: Google Earth

მართვა შესაძლებელია კლავიატურით: მართვა მთლიანად ხდება ისრის ღილაკებითა და სიჩქარის რეგულირებისთვის Page Up/Page Down ღილაკებით. გამოსახულება დინამიკურად ჩაიტვირთება, ფრენისას 3D შენობები და მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები ჩანს, ხოლო მაღალ სიჩქარეზე ან სუსტ ინტერნეტ-კავშირზე ჩატვირთვა შეიძლება შეფერხდეს. ჯერჯერობით ფუნქცია მხოლოდ ვებზეა ხელმისაწვდომი, დესკტოპ აპლიკაციაში ან მობილურზე არ მუშაობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.

← მთავარი