← მთავარი
საზოგადოება

"აშშ-ში ყოფნისას, ყოფილა პერიოდი, 4 თვე მეტროში მიცხოვრია" - ქუთაისელი ქორეოგრაფი, რომლის სახალისო რეპეტიციები ინტერნეტჰიტად იქცა: რას გვიყვება ის 11-წლიან ემიგრაციაზე, ცეკვისა და ბავშვების სიყვარულზე

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

“მე ვარ გოჩა კუტივაძე, 45 წლის, ყოფილი მოცეკვავე და მოქმედი ქორეოგრაფი. ვცხოვრობ ქუთაისში, მყავს მეუღლე - იაკო ლაღაძე და 8 წლის ულამაზესი ქალიშვილი - სესილი. მეუღლესთან ერთად ვხელმძღვანელობ ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებულ ქართული ცეკვის სტუდია “ამბიონს“, რომელიც ჩვენი ცხოვრების, შრომისა და სიყვარულის განუყოფელი ნაწილია,“ - გვეუბნება რესპონდენტი, რომლის ვიდეოები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს.

“ამბიონი“ ეპარქიასთან არსებული სტუდიაა და განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს მხარდაჭერა. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი ძალა და მოტივაციაა. სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით ვახორციელებთ მრავალ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, კულტურულ და საქველმოქმედო საქმიანობას, ვზრდით მომავალ თაობებს ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებით. ვუნერგავთ სამშობლოს, ტრადიციებისა და სარწმუნოების სიყვარულს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ “ამბიონი“ ამ მისიის მონაწილეა და ემსახურება ახალგაზრდების სულიერ და კულტურულ აღზრდას. ჩემი მთავარი მიზანია, მომავალ თაობებს არა მხოლოდ ქართული ცეკვა ვასწავლო, არამედ ის ფასეულობები გადავცე, რომლებმაც თავად ჩამომაყალიბა - შრომისმოყვარეობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული, უფლის სიყვარული და ქართული ტრადიციების ერთგულება. მჯერა, რომ ქართული ცეკვა მხოლოდ ხელოვნება არ არის - ის ჩვენი ისტორიის, რწმენისა და ეროვნული სულის გამოხატულებაა.

ფიზიკურად კი ვტვირთავ - მუცლის პრესები, ბუქნები, აზიდვები - საქმეს სჭირდება, მუხლი უნდა გაუმაგრდეთ. როცა უჭირთ და მაინც აკეთებენ, ვეუბნები: “ვაჟკაცი ხარ! ჯიგარი ხარ, გაუძელი!“ სულ ვუმეორებ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი იარაღი ნებისყოფაა. თუ ნებისყოფა და ღვთის რწმენა გექნება, ცხოვრებაში ვერავინ მოგერევა.

← მთავარი