← მთავარი
საზოგადოება

ხელისუფლება საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტსა და გადამუშავებას უშვებს - რა შემთხვევაში იქნება ეს ნებადართული და რა ეღირება ლიცენზია?

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ხელისუფლება საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტსა და გადამუშავებას უშვებს - რა შემთხვევაში იქნება ეს ნებადართული და რა ეღირება ლიცენზია?

საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვები ხდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმ სახეობის იმპორტი და გადამუშავება, რომელიც მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად არის განკუთვნილი. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს და მესამე მოსმენით - 79 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ცხოველის საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ლიცენზირების საჭიროებას დაექვემდებარება - სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა 20 000 ლარი იქნება. კანონის პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ იმ სახეობის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობებს მთავრობა დაამტკიცებს. პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი ლიცენზიის გაცემის წინაპირობებს, მათ შორის პოტენციური საფრთხის შეფასებას და ადგენს ლიცენზიანტის ვალდებულებებს საქმიანობის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ლიცენზიანტი ვალდებული იქნება, საქმიანობა უსაფრთხოების წესების დაცვით განახორციელოს; უზრუნველყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობა იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავებისა და მიღებული პროდუქტის შემდგომი გამოყენების ეტაპზე; შეინახოს და განაახლოს ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტირებული რაოდენობების, წარმოშობის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების შესახებ; ასევე დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ. კანონის პროექტის მიხედვით, კვლავ აკრძალული რჩება, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია, საბაზრო ქსელში განთავსება, იმპორტი (გარდა მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა) და რეექსპორტი. “საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები - მათ შორის მაგალითად, სოიოს შროტი, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვებ კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოში არსებული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, დღეს-დღეობით ქვეყანაში დაშვებული არაა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი და გადამუშავება ცხოველის საკვების წარმოების მიზნით. შესაბამისად, საქართველოს მოთხოვნა ამ პროდუქტზე სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე, რაც ზრდის როგორც ფასების მერყეობის, ისე მიწოდების რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მათ შორის გენმოდიფიცირებული სოიოს მარცვლის იმპორტისა და ადგილობრივი გადამუშავების დაშვება მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციური ჩარჩოს ფარგლებში. აღნიშნული მიდგომა არ ეწინააღმდეგება მონრეალის 2000 წლის 29 იანვრის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმს“. ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობა არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, გახდნენ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონა. შესაბამისად, დღეს-დღეობით ევროკავშირის არც ერთი ქვეყნის ტერიტორია არ წარმოადგენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონას, თუმცა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია მათი კულტივაცია და აღნიშნული საკითხი მკაცრ რეგულირებას ექვემდებარება“, - ნათქვამია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

← მთავარი