გალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” ერთი წლის პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის” ცნობით, გალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი ცატავა „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი 19 მაისს მოსამართლე კ.ნ. ლასურიამ გამოიტანა.
ოკუპაციური სტრუქტურის ინფორმაციით, ცატავა 2025 წლის 12 აგვისტოს მდინარე ენგურის გავლით, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, აფხაზეთში შევიდა. 2026 წლის 15 აპრილს დააკავეს და იმავე დღეს გალის დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სუს-ის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან წლის განმავლობაში 40 უკანონო დაკავება დაფიქსირდა, ხოლო 2025 წლის ბოლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს 15 მოქალაქე ჰყავდათ პატიმრობაში.