"გიორგი მალანია იმყოფებოდა სოფელში, რაც ბრალდების მხარემ იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს მიმალვა სურდა" - ადვოკატი
გ.მ. იმყოფებოდა სოფელში და სათევზაოდ მიდიოდა. ბრალდების მხარემ ეს იმდაგვარად წარმოაჩინა, რომ თითქოს მას მიმალვა სურდა - მაშინ როდესაც ბრალდების მხარეს სასამართლოს განჩინება ჰქონდა, მეორე დღეს საფუძველს იქმნის სასამართლოსთვის, რომ თითქოს გ.მ. მიმალვას ცდილობდა და გადაუდებელი აუცილებლობით აკავებს მას,- ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილის, გიორგი მალანიას ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
ადვოკატისთვის გაუგებარია, თუ ახლა რატომ მოხდა გიორგი მალანიას დაკავება, როცა ბრალდების მხარეს ის მტკიცებულებები, რის გამოც გიორგი მალანიას ბრალი წაუყენეს, იანვრის თვეში უკვე ჰქონდა მოპოვებული.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ბრალდების მხარის მიერ, ბრალდების შესახებ, დადგენილებაში ასახული დასაბუთება იყო მხოლოდ ვარაუდი და არ ეყრდნობოდა არცერთ პირდაპირ მტკიცებულებას.
ფორმალურ საფუძვლებთან მიმართებით არ არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ჩვენთვის ცნობილია, რომ 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ პერიოდში არაერთხელ ფიქსირდება გ.მ.-ს თანამშრომლობა გამოძიებასთან, არაერთხელ აქვს მიწოდებული ინფორმაცია. თვეების განმავლობაში მცდელობა არ ჰქონია, მიმალულიყო და ამავდროულად, არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე მოწმეზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება მოსამართლის დასაბუთებას, მან მხოლოდ განმარტა გადაწყვეტილების შინაარსი. მან ისაუბრა მხოლოდ დაკავების მართლზომიერების საკითხზე, ვინაიდან ჩვენ, დაკავებასაც არამართლზომიერად მივიჩნევდით და აქედან გამომდინარე, ბრალდებულის გათავისუფლებას ვშუამდგომლობდით.
გ.მ. იმყოფებოდა სოფელში და სათევზაოდ მიდიოდა. ბრალდების მხარემ ეს იმდაგვარად წარმოაჩინა, თითქოს მას მიმალვა სურდა. მაშინ, როდესაც სასამართლოს განჩინება ბრალდების მხარეს ჰქონდა, მეორე დღეს საფუძველს იქმნის სასამართლოსთვის, თითქოს გ.მ. მიმალვას ცდილობდა და გადაუდებელი აუცილებლობით აკავებს მას.
გ.მ. ჩემს პოზიციას დაეთანხმა, ვრცლად არ უსაუბრია, ასევე პოზიცია წარმოადგინა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა და მოსამართლის მიმართ გამოხატა მოსაზრება, თავისი შვილის სისხლის სამართლის საქმეში.
როდესაც ბრალდება, ბრალის დადგენილებაში მხოლოდ 1 აბზაცს უთითებს, თუ რაში გამოიხატა კონკრეტულ პირთა დახმარება და უთითებს კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, ეყრდნობა იანვრის თვის მტკიცებულებებს. ბრალდების მხარე იანვრის თვეში მოპოვებულ მტკიცებულებებზე საუბრობს და თუ კი ბრალდების მხარეს რელევანტურად მიაჩნია გარემოება, რომ იმ დროს არსებულ მტკიცებულებებზე ახლა უყენებს ბრალდებას, რატომ მოხდა ისე, რომ მაშინ არ წაუყენეს ბრალი?! ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბრალი საფუძვლიანია”,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს მისი [გიგა ავალიანის] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი უკვე მსჯავრდებულები არიან.