← მთავარი
სამართალი

POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
POG: 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია

10 წლის წინ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია — პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე 2 პირს ბრალდება წარედგინა, აქედან ერთს დაუსწრებლად.

“2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა,” — განაცხადა უწყებამ.

ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.

ცნობისთვის, თვეების წინ “ტვ პირველმა” აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. მოკლულის დედა, ინგა კვარაცხელია ამბობდა, რომ მან 11 წლის წინ, 21 წლის შვილის მკვლელობას სამზარეულოდან უყურა. ამბობს, რომ ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელები, რომლებმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.

დედის ვერსიით, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის არ გამოძიებისთვის დიდი ფულია გადახდილი. ინგა კვარაცხელია თვეების წინ ამტკიცებდა, რომ მისი შვილი თორნიკე კაჭარავამ და დავით დეკანოსიძემ მოკლეს.

გარდაცვლილის ოჯახმა “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა დახმარება ძმებ მიქაძეებსა და ჯოხაძეებს სთხოვეს და “მკვლელობა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ჩაფარცხეს”.

← მთავარი