გიორგი გახარია: ნაცვლად იმისა, რომ ოცნებამ OSCE PA ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მმართველი გუნდის დელეგაციის ქცევას აკრიტიკებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა.
„ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე“
„საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნით დატოვა“
გიორგი გახარიას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან ანექსიის პროცესები ჩქარდება, ქართული ოცნება უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პლატფორმას საბოტაჟს უწყობს, რაც პირდაპირი დარტყმაა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.
„ქართული ოცნების დელეგაციას სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ვინაიდან ვერ შეძლეს ეუთოს საზოგადოების მოტყუება თავიანთი სიცრუით, ოცნების დელეგაციამ დარბაზი დატოვა, რასაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ჟოან პონსის მხრიდან სამართლიანი და შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ქართულმა ოცნებამ სრულად შეილახა რეპუტაცია: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, პატიმრობითა და ჯარიმებით ებრძვიან, ხოლო საზღვარგარეთ — სამარცხვინო ტანტრუმებით. იმ დროს, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ანექსიის პროცესებს აჩქარებს, ქართული ოცნება, ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოების ეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე“, — დაწერა გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, სადაც საქართველოს საკითხზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნით დატოვეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.
მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ სხდომის დატოვება გადაწყვიტა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე უარესი არჩევანია.
„ცარიელი სკამების დატოვება თქვენს ქვეყანაშიც არ იყო კარგი გადაწყვეტილება. აქაც ზუსტად იმავეს აკეთებთ. მგონია, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე უარესი არჩევანია, იმიტომ, რომ დემოკრატია ერთად ყოფნისა და პრობლემების ერთად გადაჭრის მცდელობისთვისაა“, — განაცხადა მან.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, 8 ივლისს მიიღო რეზოლუცია „საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“, რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.