ჯალათი, მოღალატე, ბანდის მეთაური — გიორგი დევაძე 20 წელი ანტიგმირის ტყვეობაში
ახლახან რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის „გააზიარე სიყვარული” პრემიერა შედგა. ეს ისტორიულ-რომანტიკული ჟანრის ნამუშევარია „ვეფხისტყაოსნის” სიყვარულის ათ თვისებაზე — სხვადასხვა ეპოქის ქართველ გმირთა — შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, ნიკო ფიროსმანის, გალაქტიონის — ცხოვრების ეპიზოდები ერთ მხატვრულ ფილმად არის გაერთიანებული. ამ მრავალპერსონაჟიანი ფილმის ერთ-ერთ მთავარ ბოროტმოქმედს — ივანე ენიკოლაპაშვილს — მსახიობი გიორგი დევაძე ასახიერებს. AMBEBI.GE-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
— გიორგი, რას გვეტყვით ახალ ფილმზე?
— არაჩვეულებრივი, ღრმა, აკადემიური ფილმია. ნიკოლოზი სასაქებო კაცია — ნამდვილი ქართველი, რომელიც ძალიან დასაფასებელია. ფილმი საამაყო ადამიანების შესახებაა: ფიროსმანის ტრაგიკული სიყვარული, რუსთაველის ცხოვრების ეპიზოდები… სხვადასხვა ეპოქის ამბები რეჟისორმა ერთ მხატვრულ ნამუშევარში მოათავსა.
— ვინ არის თქვენი გმირი?
— ჩემი გმირი ივანე ენიკოლაპაშვილია, 1939 წელს დიდუბის პანთეონის დირექტორი. რეალური ისტორიული პერსონაჟია. სწორედ მან ამოათხრევინა პანთეონიდან დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინეს ნეშტები. მათ მოსვლამდე ცინიკური ტონით დაემუქრა: „ათი დღის ვადაში რომ არ გადაასვენებთ, ცხედრებს უპატრონოთა სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს.” სარაჯიშვილების ნეშტები მხოლოდ 1997 წელს, ათწლეულების შემდეგ, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში გადმოასვენეს. მოკლედ — ძალიან სამძულო პერსონაჟია.
— ემოციურად როგორი გამოდგა ეს როლი?
— ამას საჯაროდ პირველად ვამბობ: ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე გადაღება. ვიღებდით სარაჯიშვილების საფლავის ამოთხრის სცენას. 2024 წლის 14 იანვარი — კარგად მახსოვს. სახლიდან ჯანმრთელი წავედი, მაგრამ დიდუბის პანთეონში თითქოს რაღაც ვირუსი დამხვდა. გადაღებისას ვგრძნობდი, როგორ ანადგურებდა ჩემს ორგანიზმს სიცივე. გომბორის ყინვა-ტალახი გამოვცადე „ქერჩის” გადაღებებზე — მაგრამ იმ დღემ ისე გამანადგურა, როგორც არაფერ. ვინმეს ფურცელი და კალამი რომ მოეცა, პროფესიიდან წასვლას მოვაწერდი ხელს.
მესამე დღეს ისეთი ტკივილი გამაღვიძა — ვერ ვხვდებოდი, ყური, კბილი თუ თავი მტკიოდა. შედეგად, ივანე ენიკოლაპაშვილმა ჩემი სმენა ლამის შეიწირა — დიდხანს ვმკურნალობდი.
— მაყურებელი ამას ეკრანზე ვერ შეამჩნევს…
— ეს ალბათ ამ პროფესიისადმი ის პათოლოგიური სიყვარულია, რომელიც გაიძულებს ყველაფერი ბოლომდე მიიყვანო — მაშინაც კი, როცა გრძნობ, რომ ნადგურდები. ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე, სანამ ენერგია, რესურსი და გონება გყოფნის, სანამ სხეული არ გიღალატებს. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი უარყოფითია, მაყურებლისგან დიდ სითბოს ვგრძნობდი და ვგრძნობ.
— ალბათ იმიტომაც, რომ ცხოვრებაში სრულიად სხვა ადამიანად გიცნობენ…
— ალბათ. იციან, რომ ის ივანეა, მე კი — გიორგი დევაძე. ის „კომას” საშა ჟღენტია, ბოროტი ენვერ კობიაშვილი, შევარდნაძის ჯალათი „კაგებეს” თანამშრომელი, სანდრო გირგვლიანის მწამებელი — მაგრამ მე მაინც გიორგი ვარ. ამიტომაც მოდის სითბო. თუ მაყურებელმა ისე დაიჯერა პერსონაჟი, რომ მასთან გაიგივებს — ეს მსახიობის გამარჯვებაა.
„კომის” გამოსვლის შემდეგ, ერთმა ადამიანმა ტიტრებში მომძებნა, ფეისბუქზე მიპოვა და სასაშინელება მომწერა: „ცხოვრებაშიც ისეთივე ნაძირალა ხარ, რასაც თამაშობ”. თავიდან გულზე მომხვდა, მაგრამ მერე დავფიქრდი — ეს ხომ მსახიობის გამარჯვებაა.
— რატომ შეიკრა ეს „ჯადოსნური წრე” — რეჟისორები სპეციალურად თქვენ გხედავენ ასეთ როლებში?
— კი, რაღაც ასე მოხდა. ნიკოლოზ ხომასურიძეს შეეძლო სხვა ვინმე აეყვანა, მე დადებითი გმირი მეთამაშა — მაგრამ ეს როლი სპეციალურად ჩემთვის „შეინახა”. ალბათ, ბედისწერაა — კინოსთვის ჩემი სპეციფიკური კინოფაქტურა. ახლაც სამი ფილმია რიგში. ერთ-ერთია კინორეჟისორ გიორგი გერსამიას „ექიმი” — 90-იანების ამბავი, ცნობილი ექიმის ნოდარ ბოხუას მკვლელობის შესახებ. ბატონ ნოდარს ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასახიერებს, მე კი… ალბათ აღარც უნდა იკითხოთ — იმ ბანდის მეთაური ვარ, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.
— ვინ იყო თქვენი პედაგოგი?
— თეატრალურ ინსტიტუტში პროფესორ ანზორ ქუთათელაძემ მიმიღო. მოგვიანებით ის ჯგუფიდან წავიდა და პროფესორ ასიკო (ავქსენტი) გამსახურდიას ჯგუფში გადავედი. ასევე უნდა გამოვყო ჩემი მეტყველების სასწაული პედაგოგები: ეკა ქუთათელაძე, იურა ფოფხაძე, თათია ხაინდრავა და მხატვრულ კითხვაში — მურმან ჯინორია. ქართული თეატრის ისტორიას მასწავლიდა თეატრმცოდნე, პროფესორი ნათელა ურუშაძე.
— როლები უარყოფითია, მაგრამ ყოველი მათგანი მაინც განსხვავებულია.
— ამას თავად პერსონაჟი განაპირობებს. სამი მეფის თამაში სამჯერ რომ მოგიწიოს — ისინი მაინც სამი სხვადასხვა ადამიანი უნდა იყვნენ. კარგი არტისტი ასი ერთი და იგივე ამპლუის პერსონაჟს ასი რადიკალურად განსხვავებულ გვამებს შექმნის. ეს ჩემი კრედოა. სტუდენტობიდანვე მქონდა მიდრეკილება სპეციფიკური პერსონაჟებისადმი.
— სასურველ როლზე შეგვიძლია ვკითხოთ?
— ეგ ღმერთმა უკეთ იცის. ბედნიერი ვარ, რომ მაესტრო ოთარ იოსელიანის ზედიზედ ორ ფილმში ვიმუშავე. ახლახან მაესტრო მერაბ კოკოჩაშვილთან ფილმში „ტერცო მონდო” ტრანსილვანიელ პოეტს ვასახიერებ. თუ სასურველ როლზე მიდგება საქმე — სპეციფიკური, გარყვნილი კაცის, რომის იმპერატორ კალიგულას დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. რაც შეეხება სასოცნებო რეჟისორს — ეს ესპანური კინოს მეფე, პედრო ალმოდოვარია.